სანელებლების მწარმოებელი ქართული კომპანია Waime Spices-ი პირველ მაღაზიას, ქვეყნის გარეთ, უნგრეთში, ბუდაპეშტის ცენტრალურ ბაზარში ხსნის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გოგია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, მეორე ობიექტი უნგრეთის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ Westend City Mall-ში გაიხსნება, რომელსაც წლიურად 19 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

„პირველი მაღაზია ბუდაპეშტის ცენტრალურ ბაზარში 4 მაისს გაიხსნება. მეორე ფლაგმანური სივრცე გაიხსნება უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ Westend City Mall-ში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და რომელსაც წლიურად 19 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ჩვენი მაღაზია იქნება პირველ სართულზე, Starbucks-ის გვერდით. მესამე ექსპრეს-ფორმატის სივრცე, მაისის ბოლომდე, ერთ-ერთი ელიტური უბნის გასტრონომიულ ბაზარში გაიხსნება“, - აცხადებს გიორგი გოგია.

როგორც გიორგი გოგია გვიყვება, Waime Spices-მა უნგრეთში ადგილობრივი კომპანია დააფუძნა. ასევე აქვთ ცენტრალური საწყობი, საიდანაც მოახდენენ პროდუქციის მიწოდებას ევროკავშირის ქვეყნებში. მუშაობენ როგორც B2C, ასევე B2B სეგმენტში. უნგრეთში Waime Spices-ის ინვესტიციები 110 000 ევროს შეადგენს. მისი თქმით, ქსელის განვითარებაში ჩადებულია პირადი და უცხოური ინვესტიცია. 

„ღრმა ანალიზი ჩავატარეთ და ფოკუსში რამდენიმე ქვეყანა მოხვდა. გადავწყვიტეთ, უნგრეთით დაგვეწყო ჩვენი ევროპული ექსპანსია. ეს ქვეყანა გარკვეული კრიტერიუმებით შეირჩა. ეს იქნება ჩვენი სატესტო ქვეყანა, სადაც შევისწავლით ოპერირების თავისებურებებს, ბიუროკრატიულ პროცესებს, ბაზრის სპეციფიკას და უკვე იქ მიღებული გამოცდილებით შევძლებთ სხვა ქვეყნების მიმართულებით გააქტიურებას. აღსანიშნავია, რომ აქამდე Waime Spices-ის სანელებლები უნგრეთში არ იყიდებოდა“, - აცხადებს გიორგი გოგია.

Waime Spices-ისთვის პროდუქცია ჩამოაქვს როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან - ესპანეთიდან, იტალიიდან, მადაგასკარიდან, ვიეტნამიდან, მექსიკიდან, ინდოეთიდან. ქსელში, ჯამში, 150 სუნელზე მეტი იქნება წარმოდგენილი. გაიყიდება ასევე Waime Spices-ის საავტორო მიქსები.

„ფორმატი, რომელსაც უნგრეთში ვახორციელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინოვაციურია. პირველ რიგში, სანელებლების ასორტიმენტი ძალიან მრავალფეროვანი იქნება. ამ კონცეფციის მაღაზიების ამოქმედებით ვცდილობთ, რომ ისეთი სამომხმარებლო გამოცდილება დავნერგოთ, სადაც მყიდველი მიიღებს არამხოლოდ პროდუქტს, არამედ საჭირო და გამოსადეგ ინფორმაციას - ამ სანელებლების ისტორიის, მათი გამოყენების, სასარგებლო თვისებების შესახებ, რაც მათ ახალი გემოების შთაგონებას მისცემს. ამასთან, მომხმარებელი ჩვენს სანელებელს ესთეტიკურად მისაღებ და ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვით შეიძენს. ვცდილობთ, თანამედროვე მოთხოვნებს ვუპასუხოთ და პროდუქტის რეალიზებისას პლასტმასა და პოლიეთილენი არ გამოვიყენოთ.

ახალი მაღაზიების კონცეფციაში ცოდნის გაზიარების ადგილები გვაქვს, სადაც ჩვენი კონსულტანტები მომხმარებელს პროდუქტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ვცდილობთ, რომ მათ არა მხოლოდ სანელებელი შევთავაზოთ, არამედ ემოციები და გამოცდილება. გვინდა შევქმნათ დიდი გაერთიანება მათთვის, ვისაც სახლში კერძების მომზადება უყვარს და ვისთვისაც ეს ერთგვარი სიამოვნება და განტვირთვაა“, - აცხადებს გიორგი გოგია.

პირველი სამი თვის განმავლობაში გიორგი გოგია და კომპანიის საოპერაციო დირექტორი ლევან ნურიევი დაგროვილ ცოდნას დასაქმებულ კადრებს გადასცემენ, შემდეგ კი თითოეულ ფილიალში სამი ადამიანი ეყოლებათ დასაქმებული.

Waime Spices-ი ევროპის ქალაქებში, 5 წელიწადში, 15 მაღაზიის გახსნას გეგმავს. როგორც გიორგი გოგია აცხადებს, უახლოეს პერიოდში ფრანშიზის ფორმატიც ექნებათ ხელმისაწვდომი.