ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომ ბერენდსენმა განაცხადა, რომ უკრაინას ნიდერლანდებმა გადასცა „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის არსებული ყველა რაკეტა, რაც შეეძლო.

ტომ ბერენდსენმა „რადიო თავისუფლებასთან“ თქვა, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში მეტი წვლილი სხვა ქვეყნებმაც შეიტანონ.

„ყველაფერი, რისი გადაცემაც შეგვეძლო, უკვე გადავეცით. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან ვმუშაობთ, რათა სხვა ქვეყნებს დახმარების პროცესში უფრო აქტიური მონაწილეობისკენ მოვუწოდოთ“, — აღნიშნა ბერენდსენმა.

მინისტრის განცხადებით, ნიდერლანდებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობაც აქვს და სურვილიც. მისი შეფასებით, უკრაინაში ჩადებული რესურსი ამავდროულად ევროპის უსაფრთხოებაში განხორციელებული ინვესტიციაა.

ბერენდსენმა ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინის თავდაცვით სექტორში დაგროვილ გამოცდილებასა და განვითარებულ ინოვაციებზე. მისი თქმით, ამ პროცესში სხვა სახელმწიფოებმაც მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

მინისტრს კონკრეტულად არ დაუსახელებია ქვეყნები, რომელთაგანაც უფრო აქტიურ მონაწილეობას ელოდება. თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების მიმართულებით წამყვან როლს ამჟამად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, გერმანია, პოლონეთი და ნიდერლანდები ასრულებენ.

ამასთან, ევროპაში „პეტრიოტის“ სისტემებისთვის საჭირო რაკეტების წარმოების შესაძლებლობაც განიხილება. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას შესაბამისი სამხედრო დახმარების პაკეტებით გააგრძელებს.

„ეს სისტემები ადამიანების სიცოცხლეს იცავს. ამიტომ სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად მეტი რესურსი გამოყონ“, — განაცხადა ბერენდსენმა.

ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის გადაცემული „პეტრიოტის“ რაკეტების ზუსტი რაოდენობა და ღირებულება საჯაროდ არ სახელდება. ცნობილია, რომ ქვეყანა უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად მოქმედ PURL-ის პროგრამაში ჯამურად ერთ მილიარდ ევრომდე თანხას გამოყოფს, თუმცა ეს დაფინანსება, „პეტრიოტის“ რაკეტების გარდა, სხვა საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და სამხედრო აღჭურვილობასაც მოიცავს.

2025 წლის აგვისტოში ნიდერლანდებმა უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დააფინანსა. პაკეტი მოიცავდა ამერიკული წარმოების საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რაკეტებსა და სხვა აუცილებელ სამხედრო აღჭურვილობას, თუმცა „პეტრიოტის“ რაკეტებისთვის ცალკე გამოყოფილი თანხა არ დასახელებულა.

წყაროები:
https://www.defensie.nl/actueel/nieuws/2025/08/04/nederland-eerste-navo-land-dat-oekraine-steunt-via-nieuw-amerikaanse-initiatief


https://english.defensie.nl/latest/news/2026/06/24/a-look-at-the-defence-news-15-21-june


https://www.reuters.com/business/netherlands-pledges-ukraine-580-million-drones-other-weapons-2026-06-17/