საქართველოში 15 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიის სიაში (2021 წლის მონაცემების მიხედვით) მეშვიდე ადგილზე ფეროშენადნობებით, კოქსითა და ქვანახშირით მოვაჭრე შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ არის, რომელიც თავის მხრივ მანგანუმით მოვაჭრე ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის თანახმად, 2018 წლის 20 თებერვალს რეგისტრირებული შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ 2019 წლის 27 სექტემბრიდან შპს „საქნახშირის“ მფლობელია. შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის“ ერთპიროვნული დირექტორი და 70% წილის მფლობელი გიორგი ჭელიძეა.
საქნახშირის გარდა, გიორგი ჭელიძე არის შპს „მეამას“ მეწილე (5%), შპს სი ეფ პის მეწილე (40%), შპს სითი გარდენის მფლობელი (100%), შპს „კინგ დევიდ ოფისების“ მფლობელი და დირექტორი, შპს მობილ კრედიტის მეწილე, შპს ჭელიძე და პარტნიორების მეწილე, შპს გეო კოს დირექტორი, შპს ნოვუს ინვესთმენთ გრუპის 70%-იანი წლის მფლობელი, შპს ჯითიეს - ჯორჯია ტერმინალ სერვისის დირექტორი და სხვა.
თავის მხრივ შპს „ჯითიეს - ჯორჯია ტერმინალ სერვისის“ 100% წილის მფლობელი შპს ჯორჯიან მანგანეზია. ასევე, 2019 წლის აპრილიდან ჯორჯიან მანგანეზის დროებითი გარემოსდაცვითი მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის გადაწყვეტილებითა და გიორგი ჭელიძის თანხმობით, შპს ჯორჯიან მანგანეზის იურიდიული მისამართი გიორგი ჭელიძის საკუთრებაში არსებულ „კინგ დევიდ ოფისების“ შენობაშია.
გარდა ამისა, გიორგი ჭელიძე „ქართული ოცნების“ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემწირველია, 2017-2020 წლებში, ბიზნესმენს მათთვის ჯამში 180 ათასი ლარი აქვს შეწირული.
„სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანიმ“ 2021 წლის განმავლობაში საკუთარი შემოსავალი 546 მილიონი ლარით, 710 მილიონ ლარამდე გაზარდა. მკვეთრად გაუმჯობესდა კომპანიის მომგებიანობა და 2020 წელს არსებული 39-მილიონიანი ზარალის ნაცვლად, მან 233 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააფიქსირა. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 223%-ით 527.6 მლნ ლარამდე გაზარდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაც.
ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავლები რეალიზებული პროდუქტების მიხედვით ასეთია:
- ფეროსილიკომანგანუმი - 489 მილიონი ლარი;
- კოქსი - 148.1 მილიონი ლარი;
- ნახშირი - 24.7 მილიონი ლარი;
- საწვავი - 14.7 მილიონი ლარი.
- სხვა - 33.6 მილიონი ლარი.
