„რა თქმა უნდა, შრომითი მიგრაციის კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს იქიდან გამომდინარე, რომ დამატებითი ვალდებულებები ჩნდება, ფინანსური ნაწილიც გასათვალისწინებელია“, - აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ შურღაია რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

რამდენადაც ცნობილია მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება და როგორც ვახტანგ შურღაია აღნიშნავს, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში შესაძლოა, ის მსხვილი კომპანიები აღმოჩნდნენ, რომლებსაც უცხოელი მუშახელი მხოლოდ სეზონურად, სულ რამდენიმე თვის მანძილზე სჭირდებათ.

„მსხვილი საწარმოები, რომლებსაც სეზონურად სჭირდებათ 100-300 ადამიანის შემოყვანა 1 ან 3 თვით და მხოლოდ დასაქმების ნებართვისთვის 500-500 ლარის გადახდა მოუწევთ, საკმაოდ დიდი ციფრები გამოდის.

ბოლო 10-15 წლის ნებისმიერ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სადაც ბიზნესის შემაფერხებელ გარემოებებზეა საუბარი, პირველ ხუთეულში ყოველთვის გვხვდება კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. დეფიციტი არსებობს და ყველა კომპანია ცდილობს, ეს დეფიციტი აღმოფხვრას. არავითარ შემთხვევაში ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს საზღვარგარეთიდან შემოყვანილი მუშახელი უფრო იაფია და აქედან გამომდინარე აქვს ბიზნესს უცხოელებზე მოთხოვნა. პირიქით, ბიზნესისთვის ბევრად უფრო წამგებიანია არაადგილობრივი კადრის შემოყვანა, მაგრამ როცა ადგილობრივს ვერ პოულობს ბიზნესი, ის საქმიანობას ვერ გააჩერებს და იძულებულია, კადრები სხვა ქვეყნებში მოიძიოს“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.

როგორც ვახტანგ შურღაია აღნიშნავს, გასაგებია, რომ კანონი ადგილობრივი მუშახელის დაცვისკენ არის მიმართული, მაგრამ ამასთან ერთად, მისი თქმით, მნიშვნელოვანია მკაფიო რეგულაციები, რომელთაც ბიზნესმა ფეხი უნდა აუწყოს.

„ჩვენი მთავარი გზავნილი სამინისტროსთვის არის ის, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც კანონის ამოქმედებამდე უნდა მიიღონ და მასში პროცედურები გაწერონ, ჩვენი ჩართულობით მომზადდეს. თუნდაც განხილვებში მოგვისმინონ, ჩვენთან ერთად გაიარონ რისკები, რომლებსაც ვხედავთ და შესაბამისად, ინფორმირებულები ვიყოთ კანონქვემდებარე აქტის ამოქმედებამდე, რათა მოასწროს ბიზნესმა იმ ცვლილებებზე მორგება, რასაც სახელმწიფო მიიღებს“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.