„თუ კანონპროექტი ამ ფორმულირებით დარჩა, სავარაუდოდ მოთამაშეების ნაწილს მოუწევს ან გაკოტრება, ან ნებაყოფლობით ბიზნესის დახურვა“ - ამის შესახებ რადო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის გამყვანი ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ნაროუშვილმა ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.
საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ზედამხედველის ფუნქციები ენიჭება. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით ტუროპერატორი და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფა იქონიოს.
ნაროუშვილის თქმით, იმ მოცემულობით რა მოცემულობითაც კანონპროექტი არის წარმოდგენილი, დიდი დარტყმა იქნება გამყვანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
„კანონპროექტში ძალიან ბევრი ხარვეზი და უზუსტობაა, პირველ რიგში ეს არის მესამე მხარის პასუხისმგებლობის გაუთვალისწინებლობა, რაც მოიაზრებს ისეთ მესამე მხარის ჩართულობის საკითხს, რომელიც კონკრეტულად ტურისტული პაკეტის განხორციელებაში იღებს მონაწილეობას, კერძოდ გამყვანი ტურიზმის კუთხით ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს ავიაკომპანია. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც მიემგზავრება უცხოეთში, უმეტესწილად ტურისტული კომპანიების სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებთან ერთად იძენენ სასტუმროს ჯავშანს და ავიაბილეთებს, კანონმდებლობის ამოქმედების შემთხვევაში ამ საკითხში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ტურისტულ კომპანიას.
ტურისტული კომპანია წარმოადგენს სერვისის მიმწოდებელ სტრუქტურას, ჩვენ არ გაგვაჩნია საკუთარი ავიაკომპანიები და სასტუმროები და შესაბამისად სასტუმროც და ავიაკომპანიაც პაკეტის შესრულებაში არის მხარე, და იმ შემთხვევაში თუ რეისი გადაიდება, ან გაუქმდება ავიაკომპანიის მიზეზით, პასუხისმგებლობა ეკისრება ტურისტულ კომპანიას და გამოდის, რომ ზარალდება ტურისტული კომპანია“, - აღნიშნა ზურაბ ნაროუშვილმა.
ზურაბ ნაროუშვილმა განმარტა, რომ მგზავრს აქვს უფლება მოითხოვოს როგორც ზარალის ანაზღაურება, ასევე დაუყოვნებლივ გადაფრენა დანიშნულების წერტილამდე, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გადადებული რეისის ანაზღაურებას არ ახდენს ავიაკომპანია, გაუგებარია, რა სახსრებით უნდა მოახერხოს ეს ტურისტულმა კომპანიამ.
“თუ ადამიანებმა არ მიმართეს ტურისტულ კომპანიას და დამოუკიდებლად შეიძინეს ბილეთები, დამოუკიდებლად დაჯავშნეს სასტუმრო და ჩარჩნენ ტრანზიტულ ქვეყანაში ავიაკომპანიის მიზეზით, მაშინ ვინ იზრუნებს ამ ადამიანების უფლებებზე? ამის შესახებ ახალ კანონპროექტში არაფერი არ წერია. რა მნიშვნელობა აქვს მომხმარებელი თვითონ შეიძენს ბილეთს, თუ ტურისტული კომპანიის მეშვეობით? რატომ უნდა გაიღოს ტურისტულმა კომპანიამ ხარჯი ავიაკომპანიის მიზეზით გადადებულ რეისზე და რატომ უნდა დარჩეს მომხმარებელი კომპენსაციის გარეშე, თუ ის დამოუკიდებლად შეიძენს ბილეთს?
კანონის ინიციატორი არის საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, სამუშაო შეხვედრაზე შეგვპირდნენ, რომ კიდევ დაინიშნება შეხვედრები შენიშვნებისა და რეკომენდაციებისთვის, თუმცა ჩვენ ეს შენიშვნები კანონის დაინიციირებამდე გავაგზავნეთ. თუ კანონი ამ მოცემულობით იქნება, გამოდის, რომ ნებისმიერი ფრენის გადადების შემთხვევაში ტურისტს ექნება უფლება საერთოდ არ მიმართოს ტურისტულ კომპანიას, მიმართოს ტურიზმის ადმინისტრაციას და ადმინისტრაცია ჩვენი საბანკო გარანტიიდან აუნაზღაურებს მას ზარალს. სამწუხაროდ ტურისტულ კომპანიებს, არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ იმისა, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცონ და თანხა უკან დაიბრუნონ. მაშინ როდესაც ტურისტულმა კომპანიამ ყველა თავისი ვალდებულება შეასრულა და მესამე მხარემ გააუქმა, ან გადადო რეისი, გაუგებარია რატომ უნდა ჩამოიჭრას საბანკო გარანტიიდან თანხა,“ - აღნიშნა ზურაბ ნაროუშვილმა.