ბიო პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ცდილობენ, ისეთი პროდუქტი მოიხმარონ, რომელიც ქიმიური პრეპარატების გამოყენების გარეშე მოიყვანეს. ამის მიზეზად ბიო ტექნოლოგი რუსუდან კვარაცხელია საზოგადოებაში ამაღლებულ ცნობიერების ასახელებს. საზოგადოების მხრიდან მოთხოვნის ზრდის პარალელურად, ფერმერები და მწარმოებლები უფრო მეტად ცდილობენ ბიო პროდუქტები შესთავაზონ ბაზარს. ისინი ხშირად ხაზს უსვამენ, რომ შხამ-ქიმიკატებისგან თავისუფალ პროდუქციას აწარმოებენ. ბიო პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდის მნიშვნელოვანი მიზეზები ჯანმრთელობასა და გარემოზე ზრუნვაა. კიდევ ერთი ფაქტორი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, რომლის მიხედვითაც საქართველომ 2030 წლამდე მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
,,ბოლო პერიოდში ბიო პროდუქტებზე მოთხოვნა არის გაზრდილი. ამის მიზეზი არის დაავადებების გაახალგაზრდავება. იყო დაბინძურებული პროდუქტების აღმოჩენის რამდენიმე შემთხვევა. უფრო სიფრთხილისკენ მიდიან მშობლები და ყველა ცდილობს, რომ ბავშვებისთვის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შეარჩიოს. ამ ბოლო დროს იმდენად ტრენდული გახდა ბიო ტერმინი, რომ ყველა ცდილობს თქვას, რომ ჩემი პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთაა. უფრო მეტად გაზიარდა რეალიზატორებისგანაც ხაზგასმა ამაზე. არა მხოლოდ ფერმერები, დიდი კომპანიებიც ცდილობენ აღნიშნონ, რომ აქვთ მწვანე მიმართულება და მწვანე კონცეფცია. არ არის ეს შემთხვევითი. უფრო მეტად მოთხოვნადი გახდა ბიო პროდუქტები. ამას ემატება ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომ 2030 წლამდე ვალდებული ვართ მწვანე ეკონომიკის კუთხით ბევრი რამე იყოს ქვეყანაში გაკეთებული. როდესაც ბიოლოგიურად მოგყავს პროდუქცია და არ იყენებ შხამ-ქიმიკატებსა და პესტიციდებს. შესაბამისად გარემოს არ აბინძურებ. ბიო პროდუქტების მოყვანას ორი მხარე აქვს. ერთი არის ის, რომ ეს არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი. მეორე არის გარემოს დაცვაზე ზრუნვა. გაზრდილია ცნობიერება. ზოგადმა მდგომარეობამ კიდევ უფრო ცნობადი და მოთხოვნადი გახადა ბიო პროდუქტები. ისიც არის, რომ ტრენდულია ბიო პროდუქტის ყიდვა. უფრო ამაყია ადამიანი, როცა ოჯახში ბიო პროდუქტი მიაქვს.’’- აცხადებს „კომერსანტთან“ რუსუდან კვარაცხელია.
საქართველოში აქტიურად აწარმოებენ ბიო ღვინოებს. ქართული ბიო ღვინის ფასი ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე მაღალია, რაც მეღვინეებს შხამ-ქიმიკატებისგან თავისუფალი ალკოჰოლური სასმლის ჩამოსხმისკენ უბიძგებს. ბიო ტექნოლოგი აცხადებს, რომ მეღვინეების მაგალითმა ხილისა და ბოსტნეულის მომყვანი ფერმერებიც წაახალისა და დღეს ისინიც ცდილობენ ბიო პროდუქტის წარმოება დაიწყონ. თუმცა, ბიო ტექნოლოგიებს ბოსტნეულის მოყვანის პროცესში უფრო მასიურად იყენებენ.
,,ბიო ღვინოზე უფრო აქტიურად წამოვიდნენ ფერმერები, რადგან ნამდვილად კარგ ფასში იყიდება ევროპასა და ამერიკაში. ქართული ბიო ღვინოების ფასი, მით უმეტეს ქვევრის მაღალია. ღვინის ფაქტორმა კიდევ უფრო აამაღლა ცნობიერება. ხედავენ, რომ ბიო ღვინო ძვირია და ბევრმა დაიწყო მისი წარმოება. შეიძლება სერტიფიკატი ბევრს არ ჰქონდეს, მაგრამ ძალიან ბევრი იყენებს ბიო სასუქებს და ბიო პრეპარატებს ვენაში, რადგან შედეგი ნახეს. ვიღაცას სულ არ უნდა, რომ ბიო სერტიფიკატი აიღოს ღვინოზე, მაგრამ შედეგი უფრო მეტი ნახა. არიან ისეთები, რომლებიც ქიმიურსაც იყენებენ და ბიოსაც. მხოლოდ ბიო ღვინოს არ აწარმოებენ, მაგრამ რომ ხედავენ, რომ ბიო პრეპარატებმა უფრო კარგად იმუშავა, ამიტომ იყენებენ მას. ამან აამაღლა ცნობიერება ფერმერებში, რომ თურმე ბიო საშუალებები კარგი ყოფილა. მეღვინეებისგან დაინახეს სხვებმა და გაჩნდა სურვილი, რომ ხილი არ მოიყვანონ შხამ-ქიმიკატებით. თუმცა ჯერჯერობით ცოტას მოჰყავს ასე. მასობრივად არ მოჰყავთ. მასობრივად მოჰყავთ უფრო ბოსტნეული, მაგალითად კარტოფილი და პომიდორი. პომიდორს აქვს აბსოლუტურად სხვა გემო, როდესაც მოყვანილია ბიოლოგიურად. გემოვნური თვისებები აქვს აბსოლუტურად განსხვავებული და ადვილად შესამჩნევია, რომ ის ბიოლოგიურად მოყვანილია. მას აქვს სურნელი. უფრო მეტად ბოსტნეულზე წამოვიდა მოთხოვნა, რომ დავეხმაროთ ბოსტნეულის ბიოლოგიურად მოყვანაში.’’- აცხადებს რუსუდან კვარაცხელია.
სურვილის მიუხედავად ბევრი ფერმერი ბიო პროდუქტების მოყვანისგან თავს იკავებს. მიზეზი შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების არ ქონა, ასევე ინფორმაციის ნაკლებობაა. ბიო ტექნოლოგი აცხადებს, რომ ფერმერების ნაწილს ბიო პრეპარატების გამოყენება სარისკო მიაჩნიათ და ბიო წარმოების დაწყების ეშინიათ. რუსუდან კვარაცხელია ამბობს, რომ ფერმერთა ნაწილმა პროდუქტის მოყვანა ორივე მეთოდით (ქიმიური და ბიო) სცადა და პროცესს დააკვირდა. შედეგად ისინი ბიოლოგიური პრეპარატებითა და ტექნოლოგიებით მოყვანილი პროდუქტის უპირატესობაში დარწმუნდნენ.
,,ცოდნა და გამოცდილება გვაკლია. სასუქები გვაქვს. ხელმისაწვდომია ფერმერისთვის სასუქი და პრეპარატი. გვაკლია ინფორმირებულობა და ცონდა. ასევე გამოცდილება. ეშინიათ. ვერ რისკავენ. მე რომ არ გამოვიყენო შხამ-ქიმიკატი გამოვა, რომ არ გამოვიდეს? არ სჯერათ და ვერ რისკავენ თავიდან. ამიტომ ჩვენ ვეუბნებით, რომ შეუძლიათ მთლიანად კი არ გადაიყვანონ ბიოლოგიურ მეურნეობაზე. არამედ შეუძლიათ გააგრძელონ ის მეთოდი, როგორც მოჰყავთ მაგრამ გამოყონ მიწის ფართობი, სადაც მოიყვანენ მხოლოდ ბიო პრეპარატებით. ვინც დააკვირდა და დაინახა სხვაობა ისინი უკვე ბიო ფერმერები არიან. შერეული მეურნეობის წარმოება შეუძლიათ. ამ მიდგომამ გაამართლა, რადგან ეშინიათ. მიაჩნიათ, რომ გარისკვაა თუ შხამ-ქიმიკატებს არ გამოიყენებენ და მხოლოდ ბიო მეთოდებს გამოიყენებენ. სამეგრელოში მეთხილეებმა დაიწყეს ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენება. ასევე მოცვის მწარმოებლებმა. რადგან ნახეს, რომ ქიმიურზე მეტად ბიოლოგიურმა იმუშავა. ფაროსანაზე ძალიან დიდი შედეგი დადო. აფხაზეთშიც კი გადააქვთ ბიო პრეპარატები და იქაც ძალიან კარგად იმუშავა ფაროსანაზე.’’- აცხადებს რუსუდან კვარაცხელია.
რა უპირატესობა აქვს ბიო მეთოდით მოყვანილ პროდუქტს? რით გამოირჩევა და რა სარგებლობა მოაქვს მას? ბიო ტექნოლოგი განმარტავს, რომ ბიო პროდუქტი გემოვნური და სასარგებლო თვისებებით გამორჩეულია. მასში უხვად არის ის ნივთიერებები, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ბიო პრეპარატების გამოყენება გარემოს იცავს მავნე ზემოქმედებისგან. რუსუდან კვარაცხელია განმარტავს, რომ ქიმიური პრეპარატები ნიადაგს ანადგურებს, რადგან ის არსებულ ბიო მრავალფეროვნებას კლავს. შედეგად, ფერმერს მოსავლის მოსაყვანად ყოველ წლიურად მეტი და მეტი შხამ-ქიმიკატის შეტანა სჭირდება. ბიო მეთოდის შემთხვევაში კი ნიადაგში მიკროფლორა ნარჩუნდება და ის უფრო მდგრადი ხდება.
,,გემოვნური თვისებები გამოარჩევს. რომ გასინჯოთ ერთი ბიოლოგიური და ერთი ქიმიური პროდუქტი, ეგრევე მიხვდებით სხვაობას. სარგებლიანობა. ნივთიერებები, რაც უნდა ჰქონდეს პროდუქტს, არ აქვს შხამ-ქიმიტაკებით და პესტიციდებით მოყვანილ პროდუქტს. შესაბამისად, ის ორგანული ნივთიერებები, რაც ორგანიზმს მართლა სჭირდება, ბიოლოგიურ პროდუქტში გაცილებით მეტად არის გამოხატული, ვიდრე ქიმიურში. პროდუქტში არ არის პესტიციდური ნარჩენები, რადგან მოყვანილია ბიოლოგიური მეთოდებით. იცავ გარემოს. ქიმიური სასუქებით როცა წამლავენ საჭიროა პირბადე და ხელთათმანები და დაცულობის უზრუნველყოფა. ბიო სასუქების შემთხვევაში ეს წესი არ გვჭირდება. ხშირია საზამთროს სეზონზე შეწამვლის დროს ფერმერების დაზიანება და ბევრი ხვდება საავადმყოფოში ქიმიური ნივთიერების გადაყლაპვის გამო. ეს საშიშროება სრულად გამორიცხულია ბიო პრეპარატების გამოყენების დროს. რაც უფრო მეტად იყენებ ბიო სასუქებს ნიადაგი უფრო და უფრო უმჯობესდება. მაშინ, როდესაც ქიმიურის გამოყენების დროს უფრო და უფრო ღარიბდება და უფრო მეტი ქიმიური პრეპარატის შეტანას ითხოვს ნიადაგი ყოველ წელს. ერთხელ თუ შეიტან, მეორე წელს აუცილებლად მოგთხოვს, რომ კიდევ შეიტანო. რადგან შეტანილიდან 20% თუ შეითვისა მცენარემ. დანარჩენი რჩება ნიადაგში და ნიადაგში კლავს ცოცხალ მიკროორგანიზმებს. ცოცხალი მიკროორგანიზმები ვერ მუშაობენ და ვერ აწვდიან მცენარეს საკვებ ნივთიერებებს, რაც ნიადაგში არის. ბიო სასუქებით ნიადაგში შეგვაქვს ცოცხალი მიკროორგანიზმები, რომლებიც იქ მრავლდებიან, იწყებენ ცხოვრებას და მომავალ წელს იმდენი ბიო სასუქიც აღარ გჭირდება. იმაზე ნაკლები გჭირდება ვიდრე შარშან გამოიყენე. უფრო ეკონომიურიც არის.''- აცხადებს რუსუდან კვარაცხელია.