„ლივერპულის“ ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ინტერვიუ ჩამოართვა. ფრანგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ინგლისურ კლუბში გიორგი მამარდაშვილის გადასვლა, შესაძლოა, მისი თანამემამულეებისთვის ცვლილებების საფუძველი გახდეს.

აქამდე საქართველოდან ინგლისის პრემიერლიგაში მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს უთამაშია. სანიოლმა იმედი გამოთქვა, რომ 24 წლის მეკარის ინგლისში ყოფნა ქართველ ფეხბურთელებს საუკეთესოს მიღწევისკენ შთააგონებს.

„როდესაც საქართველოს ნომერ პირველი მეკარე „ლივერპულში“ გადადის, ეს საოცარი და ძალიან პოზიტიურია როგორც მამარდაშვილისთვის, ასევე მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს ბევრი ქართველი მოთამაშისთვის არა მარტო მაგალითი, არამედ მიზანი იქნება – იშრომონ იმავეს მისაღწევად. მამარდაშვილს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2021 წლის სექტემბერში, ჩემი მწვრთნელობის დროს ჰქონდა და მას შემდეგ გუნდის საკვანძო ფიგურად იქცა.

არ ვიტყოდი, რომ გიორგიმ წარმოუდგენელი გზა გაიარა, მაგრამ „ვალენსიაში“ მას ძალიან სწრაფი პროგრესი ჰქონდა. „ლივერპულის“ მეკარეობა კი, რა თქმა უნდა, მისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მამარდაშვილი საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ზეწოლას გაუმკლავდება.

როდესაც კარიერას საქართველოში იწყებ და ასე სწრაფად ეგუები ესპანურ ფეხბურთს, ცხადია, რომ ინგლისურ ფეხბურთსაც ძალიან კარგად მოერგები. მამარდაშვილი ბოლო სამი წლის განმავლობაში, როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება, ძალიან გაიზარდა.

ის საქართველოს ნაკრებში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე და ერთ-ერთი ლიდერია. დარწმუნებული ვარ, „ლივერპულშიც“ შეძლებს ლიდერის თვისებების გამოვლენას.

მამარდაშვილი ისეთი მეკარეა, რომელიც გუნდს სეზონში ბევრ ქულას მოუტანს. როდესაც საქმე მეკარის საჯარიმოში თამაშს ეხება, ჩემი აზრით, ის ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალიან მშვიდი და პოზიტიური ადამიანია, რაც თანაგუნდელებზეც დადებითად მოქმედებს“.

პირველი არხი