წელს „ნატახტარის“ ექსპორტი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. როგორც კომპანია „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა, ექსპორტზე ძირითადად არაალკოჰოლური გამაგრილებელი სასმელები გადის, ლუდი კი უფრო ადგილობრივი რეალიზაციისთვისაა განკუთვნილი.
„მიმდინარე წელს, კომპანია ექსპორტის 10%-ით გაზრდას ელის, რაც პირდაპირი კონტრიბუციაა ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ნიშნავს, რომ შემოდის მყარი ვალუტა, რაც მეტი შესაძლებლობების გაჩენის საშუალებას გვაძლევს.
რაც შეეხება ბაზრების დივერსიფიცირებას, კომპანია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მაგალითად რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის წილი ექსპორტში ჯამურად 35%-ია. დანარჩენი 22 ქვეყნის ჩათვლით ჯამში დაახლოებით 50 მლნ ლიტრია ექსპორტზე გასული, რაც კომპანიისთვის მაქსიმუმია. საექსპორტო პროდუქტი ძირითადად ლიმონათია, ლუდი უფრო ადგილობრივი ბაზრისთვისაა და ლოკალური პროდუქციაა“, - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
მისი თქმით, სამეზობლოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში კომპანიის ექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
„ბალტიის ქვეყნები ტრადიციულად ჩვენი ბაზარია. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთ-ერთი მზარდია ექსპორტის კუთხით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთის ბაზარიც. ცოტა ხნის წინ ჩინეთში გადავდგით პირველი ნაბიჯები და დარწმუნებულები ვართ, რომ კარგი ტენდენცია იქნება. ასევე გავდივართ ამერიკის ორივე სანაპიროს მიმართულებით და ბრიტანეთშიც.
ქვეყნების მიმართულებით დივერსიფიცირება აუცილებელია, რათა კომპანიას პრობლემები არ შეექმნას სხვადასხვა სიტუაციაში. ეს რისკების შემცირების ერთ-ერთი მეთოდია და არ გვინდა დამოკიდებული ვიყოთ ერთ ბაზარზე“, - აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოდან 4,796.73 ათასი დოლარის ღირებულების 5,082.73 ტონა ლუდის ექსპორტი განხორციელდა, ღირებულებით ნაწილში ზრდა წლიურად 83%, ხოლო მოცულობით ნაწილში 65% იყო. 2022 წელს ლუდის ექსპორტი 30 ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ყაზახეთში.