მიწის ნაკვეთების ბაზარი სტაბილურად იზრდება. საბროკერო კომპანია “ბინარეას” დამფუძნებლის თქმით, ჯამურ გაყიდვებში წლიურად დაახლოებით 5-6%-იანი ზრდაა. პირველ კვარტალში წლიურად 17%-ით გაიზარდა ტრანზაქციები კახეთის რეგიონში, შავიზღვისპირეთში კი ზრდა 12%-მდეა. “საქმის კურსთან” ინტერვიუში ირმა ელბაქიძე აცხადებს, რომ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა არაბული ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ომის შემდეგ. მოთხოვნის ფონზე, იზრდება ფასიც. ბიზნესი ელის, რომ წელს მიწის უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას გააგრძელებს.

“მიწების გაყიდვის სეზონი სტაბილურად მიმდინარეობს. ზრდა გვაქვს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 5-6%. პირველი კვარტალის მონაცემებით, კახეთში ზრდა გვაქვს დაახლოებით 17%-იანი სხვადასხვა მიმართულებით. ანალოგიური სიტუაცია არის ზღვისპირეთში, მაგალითად დაახლოებით 9-დან 12%-მდე არის ზრდა.

ტრანზაქციებს რომ გადავხედოთ, ტრანზაქციები დაახლოებით 15-დან 20%-მდე არის გაზრდილი სხვადასხვა მიმართულებით. ისრაელიდანაც, არაბული ქვეყნებიდანაც და მინდა აღვნიშნო, რომ დსთ-ს ქვეყნებიდან, საიდანაც აქტიურად მიმდინარეობდა ინვესტირება უშუალოდ დუბაის მხარეს, იქიდან ძალიან დიდი ინტერესი არის წამოსული საქართველოსკენ”,-აცხადებს ირმა ელბაქიძე.

მისი თქმით, მოთხოვნის ზრდის და მწირი მიწის ფონდის გათვალისწინებით იზრდება ფასიც.

“გვაქვს შემთხვევები, როდესაც მფლობელმა შეაჩერა გაყიდვის პროცესი და ელოდება პროცესების განვითარებას. მოლოდინი აქვთ, რომ კიდევ უფრო აიწევს ფასი.

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, არ მინდა დავასახელო გარეუბანი, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ შევქმნა, ორი წლის წინ რომ 12 დოლარად გაიყიდა მაგალითად კონკრეტული მიწის ნაკვეთი, დღეს იგივე მიწის ნაკვეთი 120 დოლარად იყიდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ზრდა მიმდინარეობს მოთხოვნიდან გამომდინარე”-აცხადებს ელბაქიძე.

bm.ge