Toyota და BMW განახლებად ბენზინს გამოცდიან - პროექტი შიგაწვის ძრავების მომავალს განსაზღვრავს. სხვა სიტყვებით, Toyota და BMW ელექტრომობილების ალტერნატივის შექმნას ცდილობენ და განახლებად ბენზინზე მუშაობენ.
Toyota და BMW ეკოლოგიურად სუფთა საწვავის განვითარებისთვის კვლავ ერთიანდებიან. კომპანიებმა Bosch-სა და ესპანურ ენერგეტიკულ კომპანია Repsol-თან ერთად ახალი საპილოტე პროგრამა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც სერიული ავტომობილები სრულად განახლებადი ბენზინით იმოძრავებენ.
პროექტი ესპანეთში ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ტესტირებაში Toyota-სა და BMW-ს ადგილობრივი ავტოპარკებიდან შერჩეული 20 სტანდარტული ავტომობილი მიიღებს მონაწილეობას. მანქანებს ტექნიკური ცვლილება არ დასჭირდებათ და ისინი ჩვეულებრივ გზებზე Repsol-ის მიერ წარმოებული Nexa 95-ის ტიპის საწვავით იმოძრავებენ.
საწვავის წარმოების, მიწოდებისა და ავტომობილების მიერ მისი მოხმარების მონიტორინგს Bosch-ის სპეციალური სისტემა უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში რეალურ პირობებში შეისწავლიან როგორც საწვავის ეფექტიანობას, ისე ავტომობილების გამონაბოლქვს.
Nexa 95 არის 95-ოქტანიანი განახლებადი ბენზინი, რომლის გამოყენებაც სტანდარტულ ბენზინის ძრავში ცვლილებების გარეშე შეიძლება. Repsol-ის განცხადებით, ტრადიციულ საწვავთან შედარებით ის ნახშირორჟანგის ემისიას დაახლოებით 70%-ით ამცირებს. კომპანია საწვავის ზუსტ შემადგენლობას არ ასაჯაროებს, თუმცა მის წარმოებაში მეორადი კულინარიული ზეთებისა და სხვა განახლებადი ნედლეულის გამოყენებაზე მიუთითებს.
საწვავი ამჟამად ესპანეთის 30 სადგურზე იყიდება. Repsol გეგმავს, რომ 2026 წლის ბოლომდე ეკოლოგიური საწვავის მიმწოდებელი სადგურების რაოდენობა 600-მდე, ხოლო 2027 წლისთვის 1 900-მდე გაზარდოს.
პროექტის მთავარი მიზანია აჩვენოს, რომ ტრანსპორტის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შემცირება მხოლოდ ელექტრომობილებზე სრული გადასვლით არ არის შესაძლებელი. Toyota და BMW უკვე წლებია ელექტრიფიკაციის პარალელურად წყალბადის, სინთეზური და განახლებადი საწვავის ტექნოლოგიებსაც ავითარებენ.
Toyota Europe-ში აცხადებენ, რომ 2035 წლისთვის მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებზე სრულად გადასვლა შესაძლოა ვერ მოხერხდეს. ასეთ შემთხვევაში განახლებადი საწვავი გარდამავალ პერიოდში კლიმატური მიზნების შესრულების ერთ-ერთი საშუალება შეიძლება გახდეს.
წარმატებული ტესტირების შემთხვევაში, ტექნოლოგია გზაზე უკვე არსებული მილიონობით ბენზინის ავტომობილის გარემოზე ზემოქმედების შემცირების შესაძლებლობას შექმნის. ამასთან, შიგაწვის ძრავები გამოყენებაში დარჩება, თუმცა მათი მუშაობა წიაღისეული საწვავის ნაცვლად განახლებად ალტერნატივას დაეფუძნება.