გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი თევზმომშენებელ ფერმერებთან შეხვედრებს მართავს. საკითხი ბაქტერიულ დაავადებებსა და თევზის პარაზიტებს ეხება.

როგორც გორში გამართული შეხვედრიდან გახდა ცნობილი, სააგენტომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა თევზმომშენებელი ფერმერებისთვის თევზის დაავადებების დიაგნოსტირებისა და თევზისა და თევზპროდუქტების ლაბორატორიული კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

აკვაულტურის განვითარების ასოციაცია - „ფორეჯის“  წარმომადგენლის, სოფო  დიასამიძის თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მსგავსი შეხვედრა აჭარაში უკვე გამართა. საუბარი ძირითადად თევზის დაავადებების ლაბორატორიულ კვლევებს შეეხება, თუმცა ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად, აუცილებელია დაავადებების შემცირებისთვის, საქმეში პროფესიონალი იქთიოპათოლოგები ჩაერთონ.

სოფო დიასამიძე ასევე "კომერსანტთან" განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არსებული არც ერთი დაავადება ადამიანისთის საშიში არ არის.

„თევზს, ისე როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი დაავადებები აქვს, რაც ფერმერებისთვის დიდი პრობლემაა.

2010 წლიდან ვარ ამ სფეროში და მსგავსი პრობლემა ყოველთვისაა.

ეს დაავადებები ძირითადად თევზსაშენებს აქვს, ჩვენთან თევზის აუზები ძირითადად ღია გრუნტის მდინარეებზე აქვთ და ამის გამო, დაავადებებიც საკმაოდ ბუნებრივია. საქართველოში კიდევ არ არის ისეთი დიდი პრობლემები, როგორიც განვითარებულ ქვეყნებში. სადაც უფრო განვითარებულია თევზის აკვაკულტურა, იქ გაცილებით მეტი პრობლემები აქვთ.

ვირუსული დაავადებების საფრთხის ქვეშ არ ვართ, ჩვენთან ძირითადად ორი ტიპის დაავადება დომინირებს, რომლებიც ბაქტერია და პარაზიტებია. უბრალოდ, საუბარი თევზის სხვადასხვა ტიპის პარაზიტებსა და ბაქტერიებზეა.  გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული კვლევითი ლაბორატორიული ცენტრი ცდილობს, მოახდინოს ამ დაავადებების იდენტიფიცირება და სამუშაო მითითებები შექმნან. ცდილობენ, პარაზიტების მასშტაბური გავრცელება მაინც აირიდონ თავიდან და მკურნალობის მეთოდები შექმნან.

თუმცა, მხოლოდ დიაგნოსტირება არასაკმარისია და კარგი იქნება, თუ ლაბორატორიასთან ერთად იმუშავებს იქთიოპათოლოგი (თევზის დაავადებების სპეციალისტი) რომელიც რეალურად დაადგენს მკურნალობის გზებს.

ლაბორატორია იკვლევს დაავადებებს, ის მკურნალობის გზებს ვერ გვასწავლის. ეს დაავადებები პირველ რიგში, ფერმერისთვის არის საზიანო, რადგან თევზის რაოდენობას ამცირებს და საუბარია ძალიან დიდ დანაკარგებზე. ასევე, ფერმერმა როცა არ იცის როგორ მოიქცეს, შეიძლება გადაჭარბებული რაოდენობით გამოიყენოს ისეთი ტიპის ანტიბიოტიკები, რომლებიც არ არის სასარგებლო. თევზის დაავადება, რომ გითხრათ ადამიანზე გადაიცემა ან სიცოცხლისთვის საშიშია-მეთქი, ასე არ არის. თანაც თევზი საჭმელად გამოყენებამდე ისე მუშავდება, რომ ეს დაავადებები ადამიანზე ფიზიკურად ვერ გადავა. იყო აკრძალული პრეპარატების გამოყენების ფაქტებიც, რაც ამ დროისთვის აღარ ხდება“,- აღნიშნა აკვაულტურის განვითარების ასოციაცია - „ფორეჯის“  თავმჯდომარემ, სოფო  დიასამიძემ.