სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „თეთრი სიის“ წარმოების წესში ცვლილებები შეიტანა. ახალი მოთხოვნების მიხედვით, თეთრ სიაში რეგისტრაციის მსურველ კომპანიებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არანაკლებ 1 მლნ ლარის საერთო ბრუნვა უნდა ჰქონდეთ, საიდანაც ბოლო წლის ბრუნვა მინიმუმ 200 000 ლარს უნდა შეადგენდეს. ალტერნატიულად, კომპანიას შეუძლია დააკმაყოფილოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების კრიტერიუმი. კერძოდ, კომპანიას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 20 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს ჯეროვნად შესრულებული, მათ შორის ბოლო ერთი წლის განმავლობაში – არანაკლებ 5 ხელშეკრულება.
აღნიშნული მოთხოვნები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2026 წლის 16 ნოემბრის №109 ბრძანებით დამტკიცებული ცვლილებებით განისაზღვრა.
როგორც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, თეთრ სიაში რეგისტრაციის ერთ-ერთი კრიტერიუმი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
„მას თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში აქვს არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვა, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში არანაკლებ 200 000 ლარისა ან ჯეროვნად აქვს შესრულებული თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20 ხელშეკრულება, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში არანაკლებ 5 ხელშეკრულებისა“.
ამასთან, ხელშეკრულებებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“. ასევე, ატვირთული უნდა იყოს შესრულებული ვალდებულებების მიღება-ჩაბარების აქტები და ასახული უნდა იყოს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია.
ცვლილებები შეეხო შემსყიდველი ორგანიზაციებისგან მისაღები ცნობების მოთხოვნასაც. კერძოდ, კომპანიას სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან მიღებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი ცნობა, რომლითაც დასტურდება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
დოკუმენტის თანახმად, ასეთი ცნობების მისაღებად შესაბამისი ხელშეკრულებების ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში – 200 000 ლარზე ნაკლები.
ამასთან, ცნობები უნდა გაიცეს დადგენილი ფორმით და განთავსდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე, თუ ასეთი არსებობს. სააგენტოში თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენამდე ცნობა არაუმეტეს ერთი თვის გაცემული უნდა იყოს. ფორმის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტი არ განიხილება.
ცნობისთვის, „თეთრი სია“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებული ოფიციალური რეესტრია. მასში რეგისტრირებული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას გარკვეული შეღავათებითა და გამარტივებული პროცედურებით სარგებლობენ.
ცვლილებები 2026 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდა და ბრძანების თანახმად, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.