იტალიელმა მეცნიერებმა გამოცადეს კალამი, რომელიც ჩვეულებრივ ქაღალდზე წერს და ამავდროულად აგროვებს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რატომ უჭირთ ბავშვებს წერა. მოსწავლეს არ სჭირდება ახალი მოწყობილობის შესწავლა ან ეკრანზე ასოების აკრეფა.
კალამი THInkPen ფურცელზე ჩვეულებრივ მელნის კვალს ტოვებს, ხოლო ჩაშენებული სენსორები მის მოძრაობებს აკონტროლებენ. სანამ ბავშვი ასრულებს დავალებას ისინი აღნიშნავენ, რამდენ ხანს უთმობს ის წერას, რამდენად ძლიერად აჭერს ქაღალდს, რამდენად შეუფერხებლად ამოძრავებს ხელს და რა კუთხით უჭირავს კალამი. ეს დეტალები ეხმარებათ დაინახონ, რა არ არის ყოველთვის შესამჩნევი დასრულებულ ტექსტში.
როგორც წესი, სპეციალისტები აფასებენ უკვე დაწერილს, ხოლო ახალი კალამი საშუალებას იძლევა ზუსტად თვალყური ადევნონ, თუ როგორ წერს ბავშვი ასოებს და რა სირთულეები აქვს. წერის მუდმივმა სირთულეებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე თვითშეფასებაზე, ამიტომ მკვლევრები ეძებენ გზებს, რათა ადრეულ ეტაპზევე ამოიცნონ ისინი და ბავშვები მიმართონ დახმარებისკენ.
ასეთი ინფორმაციის სარგებლიანობის შესამოწმებლად, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა და ინსუბრიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა 700-ზე მეტი იტალიელი მოსწავლე შეარჩიეს, დაწყებითი სკოლის პირველი კლასიდან საშუალო სკოლის მესამე კლასამდე. ბავშვებმა ორი დავალება შეასრულეს და მკვლევრებმა სენსორების ჩანაწერები ექსპერტების შეფასებებს შეადარეს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, წერის პროცესის რომელი ასპექტები იყო დაკავშირებული საშუალოზე დაბალ შესრულებასთან. ავტორები იმედოვნებენ, რომ მომავალში ასეთი კალამი ყველა სკოლაში იქნება გამოყენებული სირთულეების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და იმის გასაგებად, თუ ვის სჭირდება სპეციალისტის მიერ გამოკვლევა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებისა და მოზარდების ნევროლოგიურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სერვისები სულ უფრო მეტ ზარს იღებენ და ოჯახებს ვიზიტზე ხანგრძლივი ლოდინის უწევთ. ამავდროულად, როგორც მკვლევრები ხაზს უსვამენ, სწავლის ყველა სირთულე არ საჭიროებს კლინიკურ გამოკვლევას.