მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მისი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ ეჯიბრება.

მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვას ნამდვილად სურს, უკრაინა განვითარდეს და ევროკავშირის ნაწილი გახდეს.

„ჩვენ არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ ვეჯიბრებით. მხოლოდ საკუთარ თავს ვეჯიბრებით. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ უკრაინა განვითარდეს და ევროკავშირის ნაწილი გახდეს. გვესმის, რამდენად რთულია უკრაინისთვის რეფორმების განხორციელება, მაშინ როცა რუსეთი მას ყოველდღე და ყოველ ღამე ესხმის თავს“, - აღნიშნა სანდუმ.

ამასთან, მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას შეუძლია გავლენა მოახდინოს საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე.

„გვსურს, რომ მოლდოვა თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყოს. სწორედ ამას ნიშნავს ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია. ევროკავშირში ინტეგრაცია ნიშნავს იმ სამშვიდობო პროექტის ნაწილად ყოფნას, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს. ეს ჩვენი დემოკრატიის გაძლიერების შესაძლებლობაა. ამით ასევე ვინარჩუნებთ მოლდოვას, როგორც უკრაინის მეგობარ ქვეყანას. ცხადია, რუსეთს სურს მოლდოვა უკრაინის მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნად აქციოს, ისევე როგორც ბელარუსი. ეს პრობლემა იქნება უკრაინისთვის, რომელთანაც 1200 კილომეტრიანი საზღვარი გვაკავშირებს. ეს ასევე პრობლემა იქნება რეგიონში ევროკავშირის ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა სანდუმ.

ipn.ge