თერჯოლელი მაკარიძეების რძლები - ქეთო ფუთურიძე და ელა შოთაძე ივლისის ბოლოს თერჯოლაში სტრიტფუდის რესტორან „რძლებს“ ხსნიან. ყველაფერი 2 წლის წინ, „სამზარეულოს ომებიდან“, მანამდე კი საოჯახო მარნიდან დაიწყო, სადაც სტუმრებს ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდებოდნენ.
„რძლების“ მთავარი სახასიათო ნიშა ის არის, რომ რძლებმა ტრადიციული იმერული კერძები აიღეს და, როგორც თავად ქეთომ გვითხრა - „გადაასტრიტფუდეს“ - იმერული „გასვენების აჯიკის“ ბაზაზე კუპატით და ცალკე - ბალახზე გაზრდილი წიწილითა და ველური მაყვლის სოუსით, სენდვიჩების მზადება დაიწყეს, ჩაშუშული ხახვით, ნაღებითა და ნადუღით - დიფების.
თერჯოლელი რძლების რესტორანი „რძლები“ ივლისის ბოლოს გაიხსნება და იმერული სენდვიჩები და დიფები 8-დან 15 ლარამდე ეღირება.
„კომერსანტი“ ქეთო ფუთურიძეს „რძლების“ შექმნისა და გათანამედროვებული იმერული კერძების შესახებ ესაუბრა.
საიდან გაჩნდა რესტორან „რძლების“ გახსნის იდეა?
ქეთო ფუთურიძე „რძლების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი: იდეა გაჩნდა იქიდან, რომ გათხოვების შემდეგ თერჯოლაში გადმოვედი საცხოვრებლად. ჩემს მეუღლეს აქ მეღვინეობა აქვს და დიდი ხანია ამ საქმიანობაშია ჩართული. იქიდან გამომდინარე, რომ ღვინო ძირითადად ექსპორტზე გაგვაქვს, „გოგიტა მაკარიძის ღვინის მარანში“ ძალიან ბევრი სტუმარი მოდიოდა ღვინის დასაგემოვნებლად და იმდენად ცოტა რამ იცოდნენ იმერეთის შესახებ, რომ მომივიდა იდეა, ღვინოსთან ერთად ის ადგილობრივი კერძები შემეთავაზებინა, რასაც რესტორანში ვერ მიირთმევდნენ და უფრო სახლური გარემო შემექმნა. ამაში ჩავრთე ჩემი მაზლის ცოლი და აქედან წამოვიდა სახელწოდება „რძლები“. ის აქაურია და უკეთ იცის ადგილობრივი კულინარია.
2021 წელს მონაწილეობა მივიღეთ „სამზარეულოს ომებში“, სადაც ხუთეულამდე მივაღწიეთ და იქ შეგვარქვეს „თერჯოლელი რძლები“ და ასე დაგვიმახსოვრა ხალხმა. იმერეთში, თერჯოლაში ყველა გვცნობდა, სულ გვეკითხებოდნენ, როდის შეიძლება თქვენთან მოსვლა და კერძების დაგემოვნებაო. მერე გადავწყვიტეთ, რომ ისეთ ღონისძიებებში მიგვეღო მონაწილეობა, სადაც ბევრ ხალხს გავაცნობდით ჩვენს თავს და ჩვენს კერძებს. დავიწყეთ სტრიტ-ფუდ ფესტივალებში მონაწილეობა. პირველი იყო „ზარ-ზეიმი“, რომელიც შარშან ქუთაისში გაიმართა.
თქვენი მენიუ გაგვაცანით, რა სიახლეები გაქვთ?
ადგილობრივი სახლური კერძები „გადავასტრიტფუდეთ“, ახალი სახე შევძინეთ და ახლებური სიცოცხლე ჩავბერეთ. მაგალითად, „გასვენების აჯიკას“ სახლში ყველა აკეთებს, მაგრამ ძირითადად ქელეხებში, ლობიოსთან ერთად, მიაქვთ სუფრაზე. ვინც იმერელი არ არის, მას მხოლოდ გასვენებაში სინჯავენ. ეს აჯიკა ავიღეთ ბაზად და ავაწყვეთ სენდვიჩი. ამ სენდვიჩში ჩავდეთ მთელი იმერული სუფრა - იმერული კუპატი, ის მწვანილები, რომელიც იმერულ სუფრაზე იდება ხოლმე - ოხრახუში და რეჰანი, დამჟავებული ბოსტნეული, ნადუღის და პიტნის სოუსით და ა.შ.
ამ კერძებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ თბილისში ზამთრის საშობაო ბაზრობებზე მიგვიწვიეს, გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმაც მიგვიწვია ფესტივალზე, რადგან ქართული ენდემური ხორბლის ჯიშისგან - წითელი დოლისგან, პურს ვაცხობთ. „გემო ფესტზეც“ ვიყავით ქუთაისში. ხალხი ჩვენ კერძების ფოტოებით მოდიოდა და დაგემოვნებას ითხოვდა.
რამდენიმე კერძი ჩვენ გამოვიგონეთ. ამისათვის ნამდვილი ძირძველი იმერული ელემენტები გამოვიყენეთ - ჩაშუშულ ხახვს ხომ ბევრი იყენებს იმერეთში? ჩვენ დავუმატეთ ნაღები, ნადუღი და დიფის სახით გავაკეთეთ, რომელიც ძალიან გემრიელია ხრაშუნა მჭადებთან ერთად.
მენიუში გვაქვს ასევე ჩვენს ღვინოში ჩაშუშული ღორის ნეკნები, რომელიც, ტრადიციული იმერული სუნელებით, ძალიან დაბალ ცეცხლზე, 16 საათი მზადდება. რაც შეეხება წიწილას სენდვიჩს, მაყვლის სოუსით ვამზადებთ. წიწილები ეზოსია, ბალახზე გვყავს გაზრდილი, სიმინდსაც არ ვაჭმევთ, არც რაიმე გენმოდიფიცირებულ საკვებს. სოუსისთვის ველურად გაზრდილ მაყვალს ვაგროვებთ. ყველა ელემენტი - პურიდან დაწყებული, სოუსით დამთავრებული - ჩვენი გაკეთებულია.
რაც შეეხება ინგრედიენტებს, ყველაფერი ადგილობრივი და ორგანულია. მწვანილი და ბოსტნეული უსასუქოდ, უნიტრატოდ მოგვყავს. მეღვინეობაც ასე გვაქვს - ორგანულ ღვინოს ვაწარმოებთ და კულინარიაშიც ასეთი მიდგომა გვაქვს. ხორცეულსაც ისეთი მწარმოებლებისგან ვყიდულობთ სადაც ვიცით, რომ საქონელს არანაირ დანამატს არ აძლევენ. რძის პროდუქტები ჩვენი დედამთილის ძროხისაა.
როდის გაიხსნება „რძლები“ და რა ეღირება სენდვიჩები და დიფები?
ეს კერძები იმდენად მოეწონა ხალხს, რომ გადავწყვიტეთ ამ საქმიანობისთვის მუდმივი სახე მიგვეცა. „რძლები“ თვის ბოლოს გაიხსნება და ჯერჯერობით კვირის მეორე ნახევარში - პარასკევს, შაბათსა და კვირას იმუშავებს, მაშინ, როცა განსაკუთრებით ბევრი ხალხი მიდის და მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოში და პირიქით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შიგ თერჯოლაში ვართ და სულ 5 წუთი უნდა ავტობანიდან ჩვენს სახლამდე, გზის გამრუდებაც არ გამოდის. თბილისიდან დასავლეთში მიმავლებს შეუძლიათ შემოიარონ ჩვენთან, წაიხემსონ, დაისვენონ, უზარმაზარი ეზო, ძველი ოდა, წინ კი ტყე გვაქვს. რაც შეეხება ფასებს, სენდვიჩებისა და დიფების ფასები 8-დან 15 ლარამდე იქნება.