არ მინდა სპეკულირება თუ როდის შევა ავიაკომპანია Wizz Air სხვა ქალაქებში, მაგრამ ყოველთვის ღია ვართ ახალი შესაძლებლობის მიმართ, ცხადია მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში, - ამის შესახებ Wizz air-ის ავიამიმართულებების განვითარების ოფიცერმა, ეველინ ჯეკელიმ BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე ავიაკომპანია Wizz Air-ის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ვარადიმ ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სხვა ქალაქებში შესვლის ინტერესი გამოხატა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს მალე ვიხილავთ ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში?“, - ჟურნალისტის მიერ დასმულ აღნიშნულ კითხვას ეველინ ჯეკელიმ ასე უპასუხა: “საქართველოში ავიაკომპანია Wizz Air განვითარდა ქუთაისის აეროპორტის მეშვეობით და ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობის საფუძველზე, რაც ძალიან გვახარებს. თქვენს ქვეყანას ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია - ბათუმი არის საზღვაო მიმართულება, ხოლო თბილისი საუკეთესო ქალაქია მოგზაურობისთვის. არ მინდა სპეკულირება იმაზე თუ როდის შევა ავიაკომპანია Wizz Air სხვა ქალაქებში, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ახალი შესაძლებლობის მიმართ, ცხადია მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში“.

- ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი "მესიჯია" ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის მხრიდან, რომ ავიაკომპანია უფრო გააფართოებს თავის ოპერირებას საქართველოში. ფაქტია, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი თანმიმდევრულად ზრდის თავის ოპერირებას საქართველოში და ცოტახნის წინ ვისაუბრეთ იმაზე, რომ გსურთ სხვა აეროპორტებშიც შესვლა. სხვა ქალაქებში შესვლის და ქუთაისში არსებული პარკის გაორმაგების შემდეგ, თქვენი ოპერირების პროცესი საკმაოდ კომპლექსური გახდება. არ ფიქრობთ, რომ უკვე დროა აიღოთ ადგილობრივი ლიცენზია და ჩამოაყალიბოთ ქართული ავიაკომპანია, მაგალითად Wizz Air საქართველო?

- ყოველთვის ვცდილობთ, არ გავართულოთ ოპერირების პროცესი და ამას ასევე შევხედოთ დანახარჯების და მისაღები ბენეფიტის ჭრილში, რამეთუ საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვს ადგილობრივი ლიცენზიის მოპოვება. ცხადია ამ გადაწყვეტილებას სჭირდება საფუძველი და პირველ რიგში უნდა დავინახოთ ის ახალი შესაძლებლობები, რომელიც არ გვაქვს არსებული ოპერირების ფარგლებში. თუ შევხედავთ, რა გავაკეთეთ აბუ დაბიში, დავინახავთ, რომ ადგილობრივი ლიცენზიის გარეშე ვერ მოვახერხებდით ფრენების შესრულებას იმ მიმართულებებზე სადაც ახლა დავფრინავთ. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა, დავინახოთ და შევაფასოთ მოთხოვნა იმ ქვეყნების მიმართულებით, სადაც ვერ ვიფრენთ ქართული ლიცენზიის აღების გარეშე. თუ ამას შევხედავთ იმ კუთხით, რომ ფრენებს განვახორციელებთ ევროპის მიღმა და ღია ცის პოლიტიკის ქვეყნების გარდა სხვა მიმართულებითაც, ამას ცხადია შევაფასებთ როდესაც ამის დრო დადგება, თუმცა ეს არ შედის ჩვენს უახლოეს გეგმებში. ვხედავთ ძალიან დიდ მოთხოვნას ევროპის მიმართულებებზე. მეოთხე ბორტის დამატების შედეგად, გავზრდით სიხშირეებს 9 მიმართულებაზე, სადაც მნიშვნელოვნად დიდია მოთხოვნა და ეს არის ევროპული ბაზარი. თუ გადავწყვეტთ, ევროპის გარდა ვიფრენთ აღმოსავლეთის ან აზიის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში ქართული ავიაკომპანიის ჩამოყალიბება გონივრული გადაწყვეტილება იქნება და ამას დავინახავთ როდესაც ამის დრო დადგება.

- უნდა აღვნიშნო, რომ ბატონმა ვარადიმ მასთან ინტერვიუს დროს არ გამორიცხა ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მე პირადად მივესალმები, თუ ასეთი გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, რადგან მიმაჩნია, რომ ავიაკომპანია Wizz Air-მა შეცვალა ლანდშაფტი საქართველოს საავიაციო ბაზარზე, მას შემდეგ რაც 2012 წელს თქვენ დაიწყეთ ოპერირება და დღეს გვაქვს შედეგები, რაც გამოწვეულია თანმიმდევრული განვითარებით და ზრდით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, რაც კარგია და არჩევანის შესაძლებლობას აძლევს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს. მაინტერესებს თქვენ როგორ შეფასება კონკურენციის დონეს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და რომელ ავიაგადამზიდველებს განიხილავთ თქვენ მთავართ კონკურენტად?

- სიმართლე გითხრათ, ნაკლებად ვფოკუსირებთ კონკურენციაზე. თუ შენს ავიაკომპანიას სხვა ოპერატორებთან შედარებით დაბალი საოპერაციო დანახარჯები აქვს, მას ყოველთვის უკეთესი პოზიცია აქვს კონკურენციაში და სწორედ ეს არის ჩვენი მიდგომა. რაც შეეხება ქუთაისს და მთლიანად საქართველოს საავიაციო ბაზარს, ჩვენს ავიაკომპანიას დაახლოებით ბაზრის მეოთხედი უკავია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე მგზავრი ჩვენი ავიარეისებით სარგებლობს და ეს მზარდი ტენდენციაა. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ დაბალი საოპერაციო დანახარჯის საფუძველზე შეგვიძლია დაბალი ფასი შევთავაზოთ მომხმარებლებს. თუ შევხედავთ ბაზრის ისეთ დიდ გადამზიდველებს როგორიცაა "ჯორჯიან ეარვეისი", თურქეთის ავიახაზები, პოლონეთის ავიახაზები და ლუფთანზა, არც ერთ მათგანს არ აქვს ასეთი დაბალი დანახარჯების სტრუქტურა, როგორც გვაქვს ჩვენ, რაც უნიკალურს ხდის ჩვენს ავიაკომპანიას და აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მგზავრებს შესთავაზოს ყველაზე დაბალი ფასები და მოიზიდოს ისინი ქუთაისის აეროპორტში

bm.ge