საქართველოში პირველად კომპანია Lilat Flower ყვავილების "ვენდინგ დანადგარს"(ავტომატური გასაყიდი აპარატი) თბილისში, რამდენიმე დღეში, განათავსებს.
როგორც Lilat Flower Shop-ის დამფუძნებელმა მირიამ ხუციშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული დანადგარი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ყვავილები დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძინონ.
"ძალიან მალე გახდება ცნობილი, თუ სად განთავსდება ჩვენი დანადგარი. აპარატს ძალიან მარტივი მენიუ აქვს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე და ყველა მსურველს თაიგულის შეძენა მარტივად შეეძლება.
ჩვენი კომპანიის გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდია. მაგალითად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წელს ჩვენი გაყიდვები, დაახლოებით, 10%-ით არის გაზრდილი. ზაფხულის პერიოდში ძალიან დიდი მოთხოვნაა საქორწილო თაიგულებზე.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს - საქართველოში პოპულარობას არ კარგავს ვარდი. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები. გარდა ამისა, ხშირად გვსტუმრობენ უცხოელი მომხმარებლებიც", - აცხადებს მირიამ ხუციშვილი.
ცნობისთვის, Lilat Flower Shop ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. კომპანია თავდაპირველად ონლაინ მუშაობდა, თუმცა 2021 წელს პირველი ფილიალი გახსნა. ამჟამად, Lilat Flower Shop-ს თბილისში 3 ფილიალი აქვს. კომპანია პროდუქციას ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, ეკვადორიდან, სომხეთიდან და ასევე, ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს.