საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA),  საფეხბურთო ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის სექტორში, შპს „თინეთის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„საკითხი ეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს - შპს „ელ.ბილეთების“, სს „საქართველოს ბანკის“, ღია სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის ჯგუფისა“ და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ მხრიდან, ხოლო ამ უკანასკნელის მხრიდან დამატებით მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევას.

დასაშვებობის ეტაპზე, მოპასუხების მხრიდან კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებთან მიმართებით გონივრული ეჭვი არ გამოიკვეთა. შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ მოკვლევა არ დაიწყო.

ინფორმაციისთვის: 2025 წელს, სააგენტომ რვა საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.