,,საქართველოში ჯერ კიდევ არ არის შესაბამისი პირობები, რაც უცხოელ IT სპეციალისტებს დააინტერესებს",- ამის შესახებ „საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა დავით კიზირიამ რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, IT სექტორისთვის დაწესებული შეღავათები საქმეს ამარტივებს, თუმცა საკმარისი მიზეზი არ არის, რომ საქართველო კონკურენტულ არჩევანად იქცეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებისთვის.
კიზირიას შეფასებით, ცვლილება უფრო საერთაშორისო კომპანიებს შეუწყობს ხელს, ვიდრე ინდივიდუალურ პროფესიონალებს.
,,ბუნებრივია, ნებისმიერი შეღავათი და ნებისმიერი ბიუროკრატიის შემცირება საქმეს ადგება, თუმცა, უნდა დავაკვირდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კრიტიკული გადაწყვეტილების მისაღებად გამოდგეს.
ბუნებრივია, პრობლემა არის ხოლმებიუროკრატიული ბარიერები, მათ შორის, შესაბამისი პროცედურების გავლა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც 25 ათას დოლარზე მეტი ხელფასის მქონე სპეციალისტებზე დროებითი ნებართვის გაცემას გულისხმობს, არ იქნება ის ფაქტორი, რომელიც გადამწყვეტი შეიძლება გახდეს ინდივიდუალური არჩევანის გასაკეთებლად. თუ არის ადამიანი, რომელსაც ასარჩევი აქვს, მაგალითად, საქართველო, პორტუგალია თუ ესტონეთი, ის საქართველოს სასარგებლო არჩევანს არ გააკეთებს. სიახლე შეიძლება წაადგეთ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ მოიზიდონ უცხოელი სპეციალისტები, აქვთ საერთაშორისო დაკვეთები და ამისთვის სჭირდებათ გამარტივებული პროცედურები, რათა სპეციალისტების მოზიდვა გაუმარტივდეთ. რაც შეეხება ინდივიდუალურ არჩევანს, ვეჭვობ, ამ ფაქტორს რამე გავლენა ჰქონდეს:,- აღნიშნა დავით კიზირიამ.