"საქართველოს განვითარების ფონდი", რომელიც რეფორმირებული "საპარტნიორო ფონდია" კომპანია "გლობალ ბრენდში" 100%-ის წილს მეოთხე აუქციონზე 300,000 ლარად ყიდის, რაც პირველ აუქციონზე წარდგენილ საწყის ფასთან (7.5 მილიონ ლართან) შედარებით 96%-ით ნაკლებია.
კომპანიის აქტივები ასეთი მკვეთრი ფასდაკლებით აუქციონზე მას შემდეგ გამოვიდა, რაც ის არც 7.5 მილიონ ლარად, არც 3.7 მილიონ ლარად და არც 950,000 ლარად არ გაიყიდა. შესაბამისად, მეოთხე აუქციონი მხოლოდ 300,000 ლარზე გამოცხადდა.
"გლობალ ბრენდი" ფონდმა 2017 წელს დააფუძნა, კომპანიის პირვანდელ მიზანს აშშ-ში ღვინის ექსპორტი წარმოადგენდა.
კომპანია საპარტნიორო ფონდის სხვა პროექტებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ "გლობალ ბრენდი" 100%-ით თავად ფონდს ეკუთვნოდა, მაშინ როდესაც სხვა კომპანიებში ფონდი ძირითადად მინორიტარული აქციონერის სახით მონაწილეობდა. ეს კი ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების ბიზნესრისკი ფონდმა სრულად საკუთარ თავზე აიღო. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბრენდი Lost Eden-ი.
აღნიშნული პროექტი ბიზნესმენ ლევან გაჩეჩილაძის ბიზნესიდეას წარმოადგენდა, 2020 წელს გამოქვეყნებული ჟურნალისტურ გამოძიებასთან ლევან გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ იმის მიუხედავად რომ სახელმწიფომ მის პროექტში კომერციული რისკი აიღო, პროექტის წარმატების შემთხვევაში ის ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანდა.
კომპანიაში 2023 წლამდე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა იკავებდა. 2020 წელს საკითხზე კომენტარი გააკეთა ფონდის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი კომპანია უკუგების 11%-ის მაჩვენებელს ვერ დააფიქსირებდა, მისი გაყიდვა მოხდებოდა.
"ამ პროექტის გამოსყიდვის უფლება გააჩნია ლევან გაჩეჩილაძეს, იმიტომ, რომ ის იდეის ავტორი თავად იყო და მინდა გითხრათ, რომ ის პროექტში იყო ჩართული და მუშაობდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ამ პროექტზე ჩვენ გვიდევს ასევე 11%-იანი IRR, თუ ის ამ ვალდებულებას წლის ბოლომდე ვერ შეასრულებს მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ეს კომპანია გამოვიტანოთ აუქციონზე და გავყიდოთ," - 2020 წელს განაცხადა დავით საგანელიძემ.
კომპანია "გლობალ ბრენდი" საქართველოს განვითარების ფონდის წლიურ ფინანსურ ანგარიშებში სულ რამდენჯერმე არის ნახსენები, ყველაზე მეტი დეტალი კომპანიის შესახებ 2020 წლის ფინანსურ ანგარიშში არის მითითებული, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია არ იყო შემოსავლიანი და მასში ფონდის მიერ ჩადებული ინვესტიცია გაუფასურებული იყო.
ქონების რეალიზაციის აუქციონში აღნიშნულია, რომ დაინტერესებულ კომპანიას ფონდი "გლობალ ბრენდის" ფინანსურ ინფორმაციას მხოლოდ კონფიდენციალურობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაუზიარებს.
"ყველა ის დოკუმენტი რაც განსაზღვრავს ქონების უფლებრივ მდგომარეობას და მის ღირებულებას (ფინანსური დოკუმენტაცია) გადაეცემა აუქციონში მონაწილეობაში დაინტერესებულ პირს, მასთან კონფიდენციალურობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. აღნიშნულ დოკუმენტებში იგულისხმება მხოლოდ სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელთ არსებული დოკუმენტები და აუქციონში მონაწილეობის მსურველის მხრიდან აუქციონში მონაწილეობა გულისხმობს, რომ მონაწილეს რაიმე პრეტენზია ქონების ნაკლთან ან ღირებულებასთან დაკავშირებით არ გააჩნია (მაშინაც კი თუ ის აუქციონში მონაწილეობას გადაწყვეტს ასეთი დოკუმენტების გაცნობის გარეშე). აუქციონში მონაწილეობა გულისხმობს, რომ მონაწილეს რაიმე პრეტენზია ქონების (იგულისხმება აგრეთვე კომპანიის აქტივები) ნაკლთან დაკავშირებით არ გააჩნია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუქციონი ეფუძნება ე.წ. „AS IS“ სტანდარტს, შესაბამისად შპს „გლობალ ბრენდის“ შემოსავლების ან გასაყიდი ქონების ღირებულების რაიმე ნაწილში გარანტირებასთან დაკავშირებით, ან ფონდზე სხვა რაიმე ვალდებულების დაკისრებასთან დაკავშირებით წინადადებები გარდა ერთადერთი ვალდებულებისა, რომ წილი მყიდველს გადაეცეს საკუთრებაში, განხილული იქნება ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარად და შესაბამისად გამოთხოვილი იქნება აუქციონში მონაწილეობის საბანკო გარანტია. ხელშეკრულების პირობები, გთხოვთ, იხილოთ სააუქციონო დოკუმენტაციაში. აუქციონის საწყისი ფასი: 300,000 (ცხრაასორმოცდაათი ათასი) ლარი,"- ნათქვამია ლოტის აღწერაში.
აუქციონი 4 მარტს სრულდება.
რეესტრის თანახმად, კომპანია "გლობალ ბრენდს" უძრავი ქონება არ ეკუთვნის, უცნობია რა მოცულობის მოძრავი ქონება და მარაგები არის კომპანიაზე რეგისტრირებული.
თავად "გლობალ ბრენდის" ფინანსური ანგარიშგება საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, შესაბამისად უცნობია თუ რა ღირებულების ღვინის რეალიზაცია მოახდინა კომპანიამ, საჯაროდ უცნობია მისი აქტივების და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციაც.