კომპანია „ტენემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იძულებულია, ნარჩენების მიღების პროცესი შეაჩეროს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „ტენეს“ დამფუძნებელი და დირექტორი სანდრო ლილუაშვილი განმარტავს, რომ ნავთობზე ფასის კლებამ მნიშვნელოვნად გააიაფა პლასტმასა, რის გამოც ახალი იმაზე იაფი ჯდება, ვიდრე მეორადის შეგროვება, დანაწევრება, დაპრესვა და გადამუშავება. აქედან გამომდინარე, სფეროს საფრთხე შეექმნა და არარენტაბელური გახდა.

„საქმე ის არის, რომ ჩვენ რასაც ვაგროვებთ, ეს არის პლასტმასა, ასევე, დავიწყეთ ქაღალდის შეგროვებაც, რასაც საკმაოდ წარმატებით ვაკეთებდით. გარკვეული პერიოდია, რაც ნავთობზე ფასის კლება აღინიშნება, თვითონ პლასტმასა კი ნავთობპროდუქტია და აქედან გამომდინარე, ახალი მასალის ფასებიც დავარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში, ახალი პლასტმასა იმაზე იაფი ჯდება, ვიდრე მეორადის შეგროვება, დანაწევრება, დაპრესვა და გადამუშავება. აქედან გამომდინარე, სფეროს საფრთხე შეექმნა და არარენტაბელური გახდა. ჩვენც იძულებული გავხდით, უარი გვეთქვა მოსახლეობისგან შეგროვებაზე, ხოლო იმ ნაწილში, სადაც კომპანიები არიან ჩართული და ხელშეკრულება ფორმდება, ჯერჯერობით მუშაობას ვაგრძელებთ“, - აცხადებს სანდრო ლილუაშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ტენე“ თვეში დაახლოებით 4-5 ტონა ნარჩენს იბარებდა. მათ შორის, საუბარია ქაღალდზეც, თუმცა იმის გამო, რომ ქაღალდი რუსეთიდან დემპინგურ ფასებში შემოდის, გადამამუშავებელი ქარხნები იძულებულნი გახდნენ, წარმოება შეეჩერებინათ.

„უკვე 1 წელია, ეს პროცესი მიმდინარეობს, შეიძლება მეტიც და უფრო და უფრო რთული ვითარება იქმნება ნარჩენების მართვის ბაზარზე. ანალოგიური სიტუაციაა გლობალურადაც. ერთადერთი, ევროპა იღებს რეგულაციებსა და კანონებს. კერძოდ, ავალდებულებს ბოთლებისა და ტექსტილის მწარმოებლებს, რომ წარმოებაში აუცილებლად იყოს შერეული, მეორადი პლასტმასა. ჩვენთან არ არის ასეთი კანონი, ამდენად, მეორადი მასალა არავის სჭირდება, არ არის მოთხოვნა და ასე ბუნებისა და ბედის ანაბარა რჩება და იყრება“, - ამბობს სანდრო ლილუაშვილი.