The Economist-ის ბიგ მაკის ინდექსის მიხედვით, 2022 წელს ბურგერი ყველაზე ძვირი შვეიცარიაში იყო, ყველაზე იაფი - ეგვიპტეში. აღსანიშნავია, რომ ინდექსის გამოთვლის მეთოდში საბაზო ვალუტად ამერიკული დოლარი და აშშ-ის ბურგერის ფასი (5.36$) გამოიყენება. გამოცემა საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში ბურგერის ფასებს არ აქვეყნებს.

საქართველოში ბიგ მაკი 14.55 ლარი ღირს, რაც დოლარში 5.58$-ია და მისი ფასი აშშ-ს ფასს 7.18%-ით აღემატება. ამ ფონზე საქართველო, შვეიცარიის, ურუგვაის და ნორვეგიის შემდეგ, მე-4 პოზიციაზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბურგერი ყველაზე ძვირია. უკრაინაში ბიგ მაკი 53.5%-ით იაფია აშშ-სთან შედარებით, აზერბაიჯანში - 46.3%-ით, თურქეთში - 25.6%-ით.

The Economist-ის ბიგ მაკის ინდექსის მიხედვით, ბურგერი ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია, 6,70 შვეიცარიული ფრანკი ღირს და 35.4%-ით აღემატება აშშ-ს მაჩვენებელს.

მეორე პოზიციაზე ურუგვაია, სადაც ბურგერი 268 პესო (7.09$) ღირს და 27.8%-ით აღემატება ფასს აშშ-ში.

ნირვეგიაში 65 კრონა (5.98$) ღირს და 22.9%-ით ძვირია აშშ-ს ფასზე. ათეულში, სადაც ბურგერი ყველაზე ძვირია მოხვდა: შვედეთი, დანია, აშშ, არგენტინა, ევროზონა, ავსტრალია, საუდის არაბეთი.

ბიგ მაკი ყველაზე იაფი ეგვიპტეშია, სადაც მისი ფასი აშშ-ის მაჩვენებელთან შედარებით 65.6%-ით ნაკლებია. ათეულშია: ინდონეზია, ტაივანი, უკრაინა, ინდოეთი, ჰონგ კონგი, ვენესუელა, რუმინეთი, ფილიპინები და აზერბაიჯანი.

The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს, რითაც გამოცემამ გლობალურად ვალუტების ფუნდამენტური ღირებულების მარტივი ინდიკატორი წარმოადგინა. ამის შემდეგ ის გლობალური სტანდარტი გახდა, რამდენიმე ეკონომიკურ სახელმძღვანელოში შევიდა და ათობით აკადემიური კვლევის საგანი გახდა.