ხელნაკეთი საპნებისა და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი ქართული ბრენდი „კირკე“ გაფართოებასა და პროდუქტის უცხოურ ბაზარზე გატანას გეგმავს, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ბრენდის დამფუძნებელმა ნანა თავხელიძემ ისაუბრა.

„ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე არ გადის, ხელნაკეთი საპნების ექსპორტზე გატანა ძალიან რთულია, რადგან საქართველოში ჩვენი პროდუქტის სერტიფიცირებისთვის საჭირო ლაბორატორია  არ არსებობს . საზღვარგარეთ შემოწმება კი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული“ - ამბობს დამფუძნებელი

თავხელიძის ცნობით, „კირკე“ ათობით დასახელების პროდუქტს ყოველგვარი ბაზის გარეშე, ნულიდან ამზადებს, მათი მომხმარებლების 98%-ი კი უცხოელი ტურისტები არიან.

„კირკეს“ წარმოება ორ ნაწილადაა გაყოფილი. გვაქვს ნატურალური საპნებისა და თავის მოვლის საშუალებების მიმართულებები. რაც მთავარია, ორივე კატეგორიის პროდუქტებს ყოველგვარი ბაზის გარეშე, ნულიდან ვამზადებ. იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიით ფარმაცევტი ვარ, თავიდანვე მინდოდა, წარმოებაში სამკურნალო ხაზი მქონოდა. ამიტომ, ვქმნი როგორც სახისა და ტანის, ასევე სხვადასხვა გამონაყარის საწინააღმდეგო საპნებს“ - ამბობს დამფუძნებელი.

სამომავლოდ საწარმოს გაფართოება და თბილისიდან ქალაქგარეთ გადატანა იგეგმება. გარდა ამისა, კომპანიის მიზანია ხელნაკეთი საპნებისთვის თუ კოსმეტიკური საშუალებებისთვის საჭირო მცენარეები ადგილზე მოიყვანოს და თავისივე პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენონ.

ცნობისთვის, „კირკემ“ წარმოების დასაწყებად საჭირო ინვენტარი „აწარმოე საქართველოში“-ს 20 000 ლარიანი გრანტით, სამი წლის წინ შეიძინა