ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გასული კვირის განმავლობაში გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკა ბირჟაზე Lion Finance Group-ის, „თიბისი ბანკის ჯგუფისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ მეშვეობით არის წარმოდგენილი.
ყველაზე მაღალი, 4.74%-იანი ზრდა „საქართველოს კაპიტალმა“ აჩვენა. კომპანიის ერთი აქციის ფასი 41.95 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.95 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციები 28.29%-ით გაძვირდა.
Lion Finance Group-ის, ყოფილი „საქართველოს ბანკის ჯგუფის“, აქციების ფასი კვირის განმავლობაში 3.26%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 117.10 გირვანქა სტერლინგს მიაღწია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 5.76 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ექვსთვიან პერიოდში მისი აქციების ღირებულება 21.41%-ით არის გაზრდილი.
ზრდა დაფიქსირდა „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციებზეც. მათი ღირებულება კვირის განმავლობაში 0.55%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასი 47.62 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.63 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ხოლო ბოლო ექვს თვეში აქციების ფასი 17.73%-ით გაიზარდა.
შესაბამისად, ექვსთვიან პერიოდში ყველაზე მაღალი ზრდა „საქართველოს კაპიტალმა“ აჩვენა, საბაზრო კაპიტალიზაციით კი სამეულში Lion Finance Group ლიდერობს.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.
წყარო: Galt & Taggart