"სამარცხვინოა, როცა საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენ საქართველოში და პრორუსულ ხელისუფლებას „აპრავებ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„იმ ბიზნესის წარმომადგენლებს მივმართავ, რომლებიც დღეს ჩუმად და კომფორტის ზონაში არიან - შეგრცხვეთ, იმიტომ რომ თქვენი შვილები იქ დგანან, თქვენი შვილის მეგობრები, კლასელები თუ თანაკურსელები დგანან იქ, არბევენ, მაგრამ თქვენ კომფორტის ზონას არ თმობთ.
სამარცხვინოა როცა საქართველოში საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენ და ამ დროს პრორუსულ ხელისუფლებას „აპრავებ“. რა თქმა უნდა არიან ძალიან მაგარი ბიზნესმენები, რომლებიც წარმოადგენენ სხადასხვა დარგობრივ გაერთიანებებს, ნაწილმა განცხადებაც გაავრცელა, აქციაზეც დგანან და აპროტესტებენ. მათ ძალიან კარგად ახსოვთწინა ხელისულების დროს სიჩუმეს რა მოყვა.
არ მიყვარს ასეთი შედარებები მაგრამ მაშინ იყო 1 დღე - 7 ნოემბერი, ახლა კი უკვე მე-1 კვირაზე მეტი წავიდა. როგორ შეიძლება ამდენი ხნის განმავლობაში თვალები დაიბრმავოთ და არ ილაპარაკოთ ხმამაღლა იმაზე რაც ხდება?! ეს არის დანაშაული, რომელსაც ისტორია არ გაპატიებთ,“ - განაცხადა ჭყონიამ.
შეგახსენებთ, ათი ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკავებს აქციის მონაწილებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.
ცნობისთვის, ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
განსაკუთრებული სისასტიკით ნიღბიანი დაჯგუფებები უსწორდებიან მედიას.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. მისივე შეფასებით სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.
უფასურდება ლარი და სპეციალისტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მომავალშიც პროგნოზირებენ, თუ მასზე პოლიტიკური წნეხი არ მოიხსნება.
მთავრობა ეკონომიკურ და ფინანანსურ პრობლემებს არ აღიარებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ნეგატიური მოლოდინები აქვს ექსპორტიორებს.
პოლიტიკური ესკალაციის სწრაფად განმუხტვის გარეშე, კრიზისს პროგნოზირებს ტურიზმის სფეროც და მისი მომიჯნავე სექტორები, ავიაცია, სტუმარ-მასპინძლობა და სხვა.