„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ფერმერებისთვის ერთწლოვანი კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას განაგრძობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მექანიზმი ფერმერებისთვის წლების განმავლობაში „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში იყო ხელმისაწვდომი, თუმცა მიმდინარე წლის ივლისიდან ის „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ გაერთიანდა.
პროგრამის ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სესხების გაცემა კომერციული ბანკების მიერ მომდევნო კვირიდან დაიწყება. სოფლის განვითარების სააგენტო სესხის საპროცენტო განაკვეთს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით - წლიური 8.25%-ით დააფინანსებს, მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში.
სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის განსაზღვრული. ერთ ბენეფიციარზე სესხის მოცულობა 10 000-დან 100 000 ლარამდე იქნება, ხოლო მარცვლეული კულტურების წარმოების შემთხვევაში - 300 000 ლარამდე.
დაფინანსება მოიცავს ერთწლოვანი კულტურების -ბოსტნეულის, მარცვლეულისა და ბაღჩეულის -წარმოებისთვის საჭირო ხარჯებს, მათ შორის სათესი და სარგავი მასალის, სასუქების, მცენარეთა დაცვის საშუალებების შეძენას, მუშახელისა და ტექნიკის დაქირავებას, საწვავისა და სარწყავი სისტემების ხარჯებს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად შექმნილი ერთიანი მექანიზმია, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტრუმენტებს აერთიანებს.