კომპანია „ბლუ უოთერსი“, რომელსაც გორის მერიამ შინდისში კანალიზაციის მოწყობის სამუშაოებზე კონტრაქტი არ გაუფორმა, კასპის მერიამ კავთისხევის საჯარო სკოლაში ანალოგიური პროექტის შესასრულებლად დაიქირავა,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Qartli.ge ავრცელებს. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, კომპანიას მიმდინარე ხელშეკრულების შესრულებაზე უკვე 134-დღიანი ვადაგადაცილება უფიქსირდება.

გორის მერიის ინფორმაციით, კომპანიის სამუშაო ჯგუფს რუსეთის მოქალაქე ხელმძღვანელობს, რომლის მიერ წარმოდგენილი დიპლომი უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტად არ ჩაითვალა. მუნიციპალიტეტის განმარტებით, აღნიშნულ სპეციალისტს სამშენებლო მიმართულებით მხოლოდ სამთვიანი გადამზადების კურსი ჰქონდა გავლილი და არა შესაბამისი უმაღლესი განათლება, რის გამოც კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვეს.

რაც შეეხება კასპის მერიას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ტენდერის პროცესში მუნიციპალიტეტს კომპანიაში დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაცია არ შეუმოწმებია და ამ მიმართულებით მოთხოვნები არ დაუსვამს.