"მოხარული ვარ, რომ საქართველო ვაქცინების ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ქვეყანაში შემოაქვს ავტორიზებული ვაქცინები, რომელიც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს," - ამის შესახებ საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჟოაო ბრედამ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანმოს წარმომადგენლობის გუნდი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო.

„ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელსაც სჯერა, რომ ჯანსაღი არჩევანი და ერთმანეთზე ზრუნვა პირადი მაგალითით იწყება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვისაუბროთ ჯანმრთელობასა და პრევენციაზე, არამედ თავადაც გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი ერთად ჩაერთო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში. ამასთანავე, მოხარული ვარ რომ საქართველო ვაქცინების ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ქვეყანაში შემოაქვს ავტორიზებული ვაქცინები, რომელიც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. იმედი მაქვს, ჩვენი ინიციატივა სხვებისთვისაც სამაგალითო გახდება, ვინაიდან ჯანმრთელობაზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობაა,” - აღნიშნა ჟოაო ბრედამ.

ჯანმოს ინფორმაციით, ყოველწლიურად გრიპის დაახლოებით მილიარდი შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 3-5 მილიონი შემთხვევა მძიმე ფორმით მიმდინარეობს. ვაქცინაცია კი გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

jandacva.ge