საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ტვირთბრუნვა იზრდება. UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ქოპილაშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ ტვირთბრუნვის მატება ფიქსირდება როგორც იმპორტის, ასევე, ექსპორტის მიმართულებით.
მისი თქმით, იმპორტის ნაწილში განსაკუთრებული როლი საერთაშორისო პლატფორმა Amazon-იდან გამოწერილმა გზავნილებმა ითამაშა.
„იმპორტში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Amazon-ის ტვირთებმა. ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია საიტიდან გამოწერილი ნივთების ქართველი მომხმარებლებისთვის ჩაბარება და განბაჟების უზრუნველყოფა ისე, რომ მომხმარებელს საქართველოში დამატებითი გადასახადების პროცედურებთან შეხება აღარ უწევს. ამან გარკვეულწილად ამ მიმართულებით ზრდა გამოიწვია“, - ამბობს ქოპილაშვილი BMG-სთან.
ექსპრეს ტვირთების მზარდი მოთხოვნის მთავარ ფაქტორად ელექტრონული კომერციის გააქტიურება სახელდება. ქოპილაშვილის შეფასებით, დარგი თვისობრივად სხვა დონეზე გადავიდა, რასაც ტრანსპორტირების საშუალებების გამარტივება და სერვისის სისწრაფე დაემატა. ზრდა შეინიშნება როგორც კომერციული დანიშნულების, ისე კერძო პირების მიერ გამოწერილ ტვირთებზე.
რაც შეეხება ტარიფებს, ქოპილაშვილის განმარტებით, საჰაერო გადაზიდვების ტარიფი ორი კომპონენტისგან შედგება: ბაზისური ტარიფი, რომელიც წელიწადში ერთხელ გადაიხედება და საწვავის დანამატი, რომელიც ყოველკვირეულ რეჟიმში იცვლება.
„საწვავის დანამატი გლობალურ ფასებზეა დამოკიდებული. ბოლო პერიოდში კლების ტენდენცია შეინიშნება, შესაბამისად, ტრანსპორტირების გადასახადი შემცირდა იმ პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით, რაც საწვავის ფასების მკვეთრი მატების დროს გვქონდა“, - განმარტავს UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი კომპანიის დირექტორი. მისივე თქმით, საწვავის დანამატს თავად UPS-ი განსაზღვრავს მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, პირველ ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტებიდან 21 500 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იან ზრდას წარმოადგენს.