დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სექტორის ფინანსური შედეგებით კმაყოფილია. სექტორის ზედამხედველი ელის, რომ მოზიდული პრემია წელს პირველად გადააჭარბებს 1,5 მილიარდ ლარს.
2025 წლის 6 თვეში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება წლიურად ₾11 მილიონით შემცირდა. ჯამში წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო კომპანიებმა 56 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავეს. გაზრდილია ინდუსტრიის მიერ მოზიდული პრემია.
საანგარიშო პერიოდში 19 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 802 მილიონი ლარი შეადგინა. 6 თვეში წლიურად ზრდა 90 მილიონი ლარია. მოზიდული პრემიის მიხედვით პირველ ადგილზე 148 მილიონი ლარით "ჯიპიაი ჰოლდინგია". ხუთეულში შედიან: "თიბისი დაზღვევა", "ალდაგი", "იმედი L" და "ბენეფიტი".
“სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად იზრდება. 6 თვის შედეგებით, ზრდა არის მოზიდულ პრემიაში დაახლოებით 13%. სტატისტიკურად მეორე ნახევარი ყოველთვის უკეთესია ხოლმე, ვიდრე პირველი, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის შემდგომ ბოლო წლების ზრდა იქნება იმავე პარამეტრებში, როგორც იყო წინა წლებში ანუ 17-18%-ის ფარგლებში წლის ბოლოს. შარშან იყო 712 მილიონი ლარი მოზიდული პრემია, ახლა 800 მილიონს გადააჭარბა.
ჩვენი პროგნოზული შეფასებით, წელს 1,5 მილიარდს გადააჭარბებს მოზიდული პრემია. რომ შევადაროთ, პანდემიამდელ 2018 წელს იყო 0,5 მილიარდზე მეტი, ახლა იქნება 1,5 მილიარდზე მეტი ანუ ზრდა საკმაოდ კარგია სექტორისთვის, თუმცა მომავალი ზრდის დიდი პოტენციალიც არსებობს",-აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
სექტორის მარეგულირებელი წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგების შემცირებას კომპანიების საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით ხსნის.
"ამ 6 თვეში ჩვენ დავაკვირდით და ადმინისტრაციული ხარჯები გაეზარდათ კომპანიებს, რადგან საშუალო ხელფასი ქვეყანაში მატულობს, ესეც მაჩვენებელია იმის, რომ გაზრდილია პერსონალის მოთხოვნები კომპანიების მიმართ, რომ თუ ისინი არ მიიღებენ სათანადო ხელფასს, დაკარგავენ კადრებს, ამიტომ ადმინისტრაციული ხარჯები არის გაზრდილი. გარკვეულწილად წმინდა მოგების ნაწილში ორი მაჩვენებელია, ერთი ეს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ის, რომ ლარი გამყარდა.
ეროვნული ვალუტის მცირედი გამყარება სექტორს დაეტყო იმ მხრივ, რომ მათ ანგარიშები ნაწილობრივ აქვთ ვალუტაში. როგორც იცით, ჩვენ ვითხოვთ მათ მინიმალური კაპიტალი განათავსონ და ისინი შემოსავალს იღებენ აქედან, როგორც დეპოზიტი, რა შემოსავალიც ლარში შემცირებულია. 12-13 მილიონია ეს ცვალებადობა და რომ არა ეს, პლუსში იქნებოდნენ და ცოტათი მეტით კომპანიები”,-აცხადებს დავით ონოფრიშვილი.