სააპელაციო სასამართლომ "რძის სკანდალზე" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომპანია "ჩირინას" 1.6 მლნ ლარის გადახდა დაავალა. "ჩირინას" ადვოკატის გიორგი გეწაძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ჩირინამ" "ყვარლის ბაგასთან" დადებული ხელშეკრულება დაარღვია, ხოლო "ყვარლის ბაგას" მიუღებელ ზარალში მათ წვლილი არ მიუძღვით.
"ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ სააპელაციომ უნდა დაასაბუთოს ხელშეკრულების რომელი პუნქტი დაარღვია "ჩირინამ", ამის შემდეგ კი ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.
"სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, რომ ჩვენ „ყვარლის ბაგის“ მიუღებელ ზარალში არაფერ შუაში ვართ და დავალიანება 1.6 მლნ ლარამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენ აქაც გვაქვს კითხვები, რადგან „ჩირინას“ ძროხების სიკვდილიანობაში ბრალი არ მიუძღვის.
მოსამართლეებს უნდა ეღიარებინათ და დაემტკიცებინათ ხელშეკრულების რომელი პუნქტი დავარღვიეთ ჩვენ. ჩვენ დაველოდებით მოსამართლეების მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტურად და გადაწყვეტილებას კიდევ გავასაჩივრებთ.
მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ ხელშეკრულება, მაგრამ უზენაესი სასამართლო დარწმუნებული ვარ ამასაც გააუქმებს, რადგან ჩვენ ამ ზარალში არანაირი წვლილი არ გვაქვს", - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.
ადვოკატის განმარტებით კი კომპანია უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან, მათი შეფასებით, „ჩირინას“ მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა არ მომხდარა და საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით ვართ უკმაყოფილო, ვინაიდან ყველაფრის მიუხედავად, სასამართლომ დაადგინა, რომ "ჩირინას" მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მე, მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები, როგორ უნდა დაასაბუთოს სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება იმ პირობებში, როდესაც საქმეში მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ უზენაესი მაინც მიიღებს ამ საქმეზე სწორ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი გეწაძემ.
მისი თქმით, პირველმა ინსტანციამ კომპანიას 4.7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის კომპენსაცია გააუქმა და დარჩა მხოლოდ 1.6 მლნ ლარის ოდენობით - ძირი თანხა, რომელიც, სასამართლოს შეფასებით, პირდაპირი ზიანია, რაც შპს „ყვარლის ბაგამ“ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად განიცადა.
„საუბარია საქონლის ღირებულებაზე, თუმცა ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ დარღვევა არ ყოფილა და დავას უზენაეს სასამართლოში გავაგრძელებთ“, – აცხადებს კომპანია „ჩირინას“ წარმომადგენელი.
დავის შესახებ: სასამართლო პროცესი „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა, რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა“ თავადაც იყენებს. კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ეყრდნობოდა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს.