უძრავი ქონების რუსულ გამოფენაში მონაწილეობას უარყოფს სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „გუმბათი ჯგუფი“  და ამასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია საჭიროდ მიიჩნევს, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია PEOPLE-REAL ESTATE-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენასთან დაკავშირებით.

ვადასტურებთ, რომ შემოთავაზება ნამდვილად გვქონდა, თუმცა, ღონისძიებაში მონაწილეობაზე მაშინვე უარი განვაცხადეთ.

კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული.“- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 29-30 ივლისს, ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების შესათავაზებლად დიდი გამოფენა-გაყიდვა იგეგმება. ღონისძიების ორგანიზატორი People – Real Estate-ია, რომლის ერთ-ერთი სახე რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა.

გამოფენაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო კომპანია არქიმ  და ორგანიზატორები მათი ლოგოს უნებართვო გამოყენებაში დაადანაშაულა.