დეველოპერული კომპანია „არქი“ უძრავი ქონების რუსულ გამოფენაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს და ორგანიზატორებს მათი ლოგოს უნებართვო გამოყენებაში ადანაშაულებს. კომპანიის გენერალური დირექტორი არ გამორიცხავს, რომ მათი ლოგოს არასანქცირებული გამოყენების გამო სასამართლოსაც კი მიმართონ.

„მონაწილეობას არ ვიღებთ, ორგანიზატორები დაგვიკავშირდნენ, ვუთხარით უარი , სამწუხაროდ მაინც არის ჩვენი ლოგო, შესაბამისად ჩვენ მივწერეთ, რომ ან აიღებენ სასწრაფოდ ამ ლოგოს, ან სასამართლოში დავიცავთ ჩვენს უფლებებს, იმიტომ რომ არანსანქცირებული გამოყენებაა ჩვენი ლოგოსი, იმიტომ რომ თვითონ პიარი გაიკეთონ,“ - განაცხადა შიო ხეცურიანმა.

შეგახსენებთ, 29-30 ივლისს, ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების შესათავაზებლად დიდი გამოფენა-გაყიდვა იგეგმება. ღონისძიების ორგანიზატორი People – Real Estate-ია, რომლის ერთ-ერთი სახე რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა.