რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში დამონტაჟებული მონიტორების სერვერი კიბერშეტევის სამიზნე გახდა. შედეგად, ეკრანებზე რამდენიმე წამის განმავლობაში უცენზურო შინაარსის კადრი გამოჩნდა.
როგორც რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, მომხდარზე რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდა. ამ დროისთვის ავტობუსებში არსებული ყველა მონიტორი გათიშულია, ფაქტის შესწავლაში კი შესაბამისი უწყებები არიან ჩართული.
შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. მისი თქმით, მე-4 ნომერი ავტობუსით მგზავრობისას ეკრანზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო. მოქალაქის ინფორმაციით, მძღოლმა ეკრანის გამორთვა ვერ შეძლო და მონიტორს ქურთუკი გადააფარა.
ფაქტთან დაკავშირებით რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარის გარემოებებს შესაბამისი უწყება იკვლევს.