მეღვინეობა „რთველისის“ დამფუძნებელი პარტნიორი, თორნიკე ჭიკაძე მიიჩნევს, რომ რთველის სუბსიდირების პოლიტიკის ცვლილება პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ფასების ზრდის მთავარი მიზეზი ნედლეულის გაძვირება იქნება, რაც სუბსიდიის გაუქმების შემდეგ გარდაუვალი ხდება. მიუხედავად ამისა, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ გარკვეული სირთულეების მიუხედავად, კომპანიებს ადაპტაცია მაინც მოუწევთ.

„ზოგადად, რთულია წინასწარ შეფასება, რა გავლენას მოახდენს რთველის სუბსიდირების ცვლილება ბიზნესზე, რადგან თავად ეს სფეროც მუდმივად ცვალებადია. თუმცა ფაქტია, რომ პროდუქციის წარმოების ხარჯი იზრდება და შესაბამისად, ფასიც მოიმატებს.

მეორე მხრივ, ალბათ უნდა დასრულებულიყო სუბსიდირების ეს პრაქტიკა. დარგს სწორი განვითარების გზა თვითონ უნდა ეპოვა. სახელმწიფოს როლი კი დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ კრიტიკულ მომენტში ჩარევა უნდა იყოს“, – ამბობს ჭიკაძე.

მისივე ინფორმაციით, წელს კომპანიას 4000 ტონა ყურძნის ჩაბარება და გადამუშავება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა საბოლოო მოცულობა დამოკიდებული იქნება ბაზარზე არსებული ფასების, ყურძნის ხარისხისა და კომპანიას ხელმისაწვდომი რესურსების კომბინაციაზე.

ინფორმაციისთვის, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის რთველის სუბსიდირების მოდელი წარადგინა. უწყების ინფორმაციით, კერძო კომპანიებზე ყურძნის შესასყიდ სუბსიდიას სახელმწიფო აღარ გასცემს და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო "მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს. ამასთან, აღნიშნული კომპანია რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავად ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადასცა მართვაში.

2025 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "მოსავლის მართვის კომპანია" 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მილიონ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.

bm.ge