კომპანია „ნარნარო“ ბაზარზე თითქმის ორი წელია ოპერირებს და მომხმარებელს სურნელოვან სანთლებს, ეპოქსიდის სარჭებს, სარკეებს, დეკორატიულ ლანგრებს, საფერფლეებსა და სხვადასხვა სუვენირებს სთავაზობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი დეა კაპანაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს ნედლეული და ყალიბები საზღვარგარეთიდან შემოაქვს.
დეა კაპანაძის თქმით, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მაკდონალდსში მუშაობდა, თუმცა შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი ბიზნესი დაეწყო.

„17 წლის ვიყავი როდესაც პირველი ბიზნესი დავიწყე, თუმცა შემდეგ პანდემიის დროს ყველაფერი ჩაიკეტა, შემდეგ მაკდონალდსში დავიწყე მუშაობა, მეგონა რომ სწავლას და მუშაობას ერთმანეთს კარგად შევუთავსებდი, თუმცა შემდეგ გადავწყვიტე ჩემი საკუთარი საქმე დამეწყო. სანთლები ყოველთვის მიყვარდა, ჩემი ფავორიტი ფრანგული ბრენდი Vanilla glorry იყო, ამის გამო ძალიან დიდი მოთხოვნილება მქონდა სანთლებზე.
სახლში ვიპოვე ძველი გადასადნობი დაბადების დღის სანთლები და ასე გავაკეთე ჩემი პირველი სანთელი, რომელშიც საჭმელი ვანილი გამოვიყენე.
დღესდღეობით მაქვს 120 ფორმა სანთელი, სანთლის ფორმებს და ყალიბებს საზღვარგარეთიდან ვიწერ. რადგან საქართველოში იმის შესაძლებლობა, რომ ვინმემ სანთელში 60-70 ლარი გადაიხადოს არ არის, ამიტომ მირჩევნია ცოტა მეტი ვიწვალო და გავაკეთო იგივე მასალით, თუმცა მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზო“ - აღნიშნა დეა კაპანაძემ.

დეა კაპანაძე ამბობს, რომ თავდაპირველად მხოლოდ სანთლებით შემოიფარგლებოდა, შემდეგ ეპოქსიდზე და დეკორატიულ თაბაშირზე გადავიდა.
„რაც შეეხება მომხმარებლების დაინტერესებას საკმაოდ მაღალია, თუმცა იმაზეც არის დამოკიდებული თუ როგორ მიაწოდებს ამას, მე მათთან ძირითადად ტიკ-ტოკის პლატფორმით ვურთიერთობ და ტიკ-ტოკიდან უფრო მიცნობენ ვიდრე სხვა სოცქსელიდან.
სხვათა შორის ეპოქსიდი ძალიან მოთხოვნადი გახდა და ბაზარზეც დიდი კონკურენციაა, თუმცა თმის სარჭებზე კონკურენტები არ მყავს“ - აღნიშნა დეა კაპანაძემ.
კაპანაძე მომხმარებელს ასევე ფოსფორის სანთლებსაც სთავაზობს, რომელიც დღის შუქზე იტენება და ღამე ანათებს. როგორც თვითონ აღნიშნავს, ფოსფორის სანთლებს კონკურენტი არ ჰყავს და მხოლოდ თვითონ აწარმოებს.
დეა კაპანაძე ამ ეტაპზე გრანტის მოპოვებას, ბიზნესის გაფართოებას და სახელოსნოს გახსნას ცდილობს. როგორც თვითონ აღნიშნავს, თავდაპირველად ბიზნესი ძალიან მცირე 100 ლარიანი ინვესტიციით დაიწყო.
რაც შეეხება ფასებს სანთლის ფასი 5-25 ლარამდე მერყეობს, ეპოქსიდის ნივთების 5-30 ლარამდე, ხოლო ჭადრაკის ფასი 170 ლარია.
