20 ივლისს საქართველოში ფილმ BARBIE-ს პრემიერა გაიმართა, რომელსაც მაყურებელი Barbiecore თემატიკის შესაბამისად გამოწყობილი დაესწრო.

BARBIE-ს თემატიკაზე შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები უამრავ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მათი გამოწერა სხვა პროდუქტების მსგავსადაა შესაძლებელი. „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ როგორ ეხმაურებიან BARBIE-ს საქართველოში მოქმედი ბიზნესები და რას სთავაზობენ ამ თემატიკის მოყვარულ მომხმარებლებს. 

ერთ-ერთი პირველი, ვინც BARBIE-ს პრემიერას გამოეხმაურა, მაღაზია Wishlist-ია. კომპანიამ ფილმის ჩვენებამდე 2 დღით ადრე მომხმარებლებს ბარბის თოჯინების მრავალგვარი სახეობა და ამ პროდუქციაზე 20%-იანი ფასდაკლება შესთავაზა. 

BARBIE-ს გამოეხმაურა ასევე „შოკოტელა“. კომპანიამ BARBIE-ს წარწერით შოკოლადის ფილა სამ ფერში დაამზადა და მათი შეძენა მხოლოდ პირველმა სამმა მსურველმა შეძლო. 

ფილმის გამოსვლას უკავშირდება ასევე ტანსაცმლის ბრენდ Zara-ს ბარბის კოლექციაც, რომელშიც ამ თემატიკის სამოსი როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვისაა ხელმისაწვდომი.

 

BARBIE-ს პრემიერა Cavea Cinemas-ში კომპანია More Beauty-ს ორგანიზებით გაიმართა. კომპანია მიმდინარე პერიოდში მომხმარებელს სილამაზის პროდუქტებს სწორედ Barbiecore მიმართულებიდან სთავაზობს. 

BARBIE, რომელშიც მთავარ როლებში სუპერვარსკვლავი მარგო რობი და რაიან გოსლინგი არიან 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად სახელდება. მსოფლიო მასშტაბით BARBIE-ს შემოსავალმა უკვე $356 მლნ შეადგინა.