„ბიზნესის ხარჯებზე ნაკლებად აისახება ცვლილებები“ - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ დამსაქმებელთა ასოციაციის ერთ-ერთი დირექტორი, გოგა დონდუა ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიებში მანქანა-დანადგარების უსაფრთხოებისთვის დეტალური მოთხოვნები განისაზღვრა.
ინფორმაციისთვის, საუბარია „სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ რეგლამენტზე, რომლის ერთი ნაწილი 1-ელი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, მეორე ნაწილი კი 2026 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
როგორც გოგა დონდუა აღნიშნავს, რეგლამენტის იმ ნაწილიც, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, დეტალურად განისაზღვრა, უსაფრთხოების რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის მანქანა-დანადგარები, რომელსაც კომპანიები 1-ლი სექტემბრიდან შეიძენენ, ან ის დანადგარები, რომელიც ერთი ობიექტიდან მეორეზე გადადის ფუნქციონირებისთვის.
„ტექნიკური რეგლამენტი ასახავს ახალ წესებს დანადგარების მიმართ, ორ თავად არის საკითხი გაყოფილი. პირველი ნაწილი ძალაში შევიდა სექტემბრიდან, მეორე ნაწილი ამოქმედდება 2026 წლის იანვრიდან. პირველი ნაწილი მოიცავს სტაციონარულ დანადგარებს, თუმცა არა ყველას. იმ დანადგარებს, რომელიც უკვე დამონტაჟებულია სამუშაო სივრცეებში, პირდაპირ არ ეხებათ. ეს ტექნიკური რეგლამენტი ეხება იმ ახლად ჩამოტანილ დანადგარის რისკის შეფასებას, რომელიც ბიზნესმა შეიძინა და დაამონტაჟა ან იმ მოქმედ დანადგარებს, რომელიც გადაიტანეს სხვა სამუშაო სივრცეში. კონკრეტულად დანადგარის ირგვლივ სამუშაო სივრცეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, აქცენტი გაკეთებულია დანადგარის უსაფრთხოებაზე. ეს სტანდარტები ჩვენი ბიზნესისთვის ახალი არ არის, ჩვენი კანონმდებლობით ისედაც მოეთხოვებოდა ბიზნესს რიგი წესების დაცვა, თუმცა ახალ რეგლამენტში დეტალიზებულია, რა ტიპის დანადგარებს როგორი რისკის შეფასება მოეთხოვება“, - აღნიშნავს რესპონდენტი.
რაც შეეხება კანონის იმ ნაწილს, რომელიც 2026 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, შეეხება პორტატულ დანადგარებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა ამწე მექანიზმები და რომელთა ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ხდება სამუშაოს შესრულებისთვის.
„მეორე ნაწილი, რომელიც იანვრიდან შევა ძალაში, ეხება ისეთი ტიპის დანადგარებს, რომლებიც გამოიყენება მაგალითად ამწე მექანიზმებად - პორტატიული ტიპის დანადგარებზეა საუბარი, რომელიც სხვადასხვა ადგილას შესაძლოა, აღმოჩნდეს. როგორც კი შეიცვლის სამუშაო სივრცეს და მოეწყობა გამოსაყენებლად, აუცილებელია აქაც რისკების შეფასება ექსპლუატაციამდე. არც ეს არის ახალი ბიზნესისთვის, მაგრამ აქაც შემოტანილია მეტი კონკრეტიკა.
მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო შრომის ინსპექცია, იმიტომ, რომ შრომითი უფლებების ნაწილია. ისედაც ახორციელებდა ამას ინსპექცია, რადგან აქამდეც ჩვენს კანონმდებლობაში ჩადებული იყო ერთ-ერთ პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კუსტარული დანადგარების გამოყენება არ შეიძლება; ახალი რეგლამენტი მეტ კონკრეტიკას სძენს იმას, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს კუსტარულად და რა არა. საერთო მეთოდოლოგია უცვლელია და მაკონტროლებელი ორგანოც უცვლელია“, - განმარტავს დონდუა.
რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესზე გავლენას, დონდუა აღნიშნავს, რომ გატარებული ცვლილებები ბიზნესისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არ იქნება. ამასთანავე, მისი თქმით, არ არის მოსალოდნელი, რომ ცვლილებები დამსაქმებლების ხარჯებზე აისახება.
„ეს ტექნიკური რეგლამენტი ბიზნესს ხელს არ შეუშლის, პირიქით ხელს შეუწყობს დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას. ბიზნესს ინფორმაცია ჰქონდა ამის შესახებ და ჩვენი წევრი ორგანიზაციებისგან გვაქვს უკუკავშირი, რომ დიდი პრობლემა და საფრთხე მათთვის არ იქმნება. დაკისრებული ვალდებულებების განხორციელება ბიზნესს შეუძლია როგორც საკუთარი ძალებით, ასევე ექსპერტების მეშვეობით.
ბიზნესის ხარჯებზე ნაკლებად აისახება ცვლილებები, იმიტომ, რომ ისედაც ევალებოდათ რეგულაციების დაცვა, თუმცა, ზოგიერთი ბიზნესი ამ რისკით ცხოვრობდა, ზოგიერთს გაცნობიერებული ჰქონდა კანონმდებლობის მოთხოვნები და ისედაც აკეთებდა. რადგან ეს ტექნიკური დეტალიზაცია გაჩნდა კანონში, ბიზნესი ისევ ისე გააკეთებს რისკის შეფასებას, განსხვავება ისაა, რომ მეტი დეტალიზაცია უნდა შეიტანონ რისკის შეფასების დოკუმენტში“, - აცხადებს გოგა დონდუა.
რაც შეეხება სანქციებს, ტექნიკურ რეგლამენტში არ არის განსაზღვრული, დარღვევისთვის რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება ბიზნესს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ჯარიმის ოდენობას დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე შრომის ინსპექცია განსაზღვრავს.
„ჯარიმა არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ბიზნესი აიძულოს მაკონტროლებელმა ორგანომ, შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობა. მაგალითად, თუ გამოვლინდა უმნიშვნელო დარღვევა, ბიზნესს მიეცემა რეკომენდაცია გამოსწორებისთვის, მაგრამ თუ არის მომეტებული რისკის შემცველი და ბიზნესი არ ითვალისწინებს ამ შენიშვნებს, ამ შემთხვევაში ბიზნეს დაეკისრება შესაბამისი სანქციები. შრომის ინსპექცია განსაზღვრავს, რა მოცულობის სანქცია იქნება. შეუსაბამობის მიხედვით შესაძლოა, ეს ითვალისწინებდეს სამუშაოს ნაწილობრივ ან სრულ შეჩერებას. სხვადასხვა სიმძიმის შესაძლოა იყო დარღვევა, ამიტომ კონკრეტული ჯარიმები გაწერილი არ არის, რისკის სიმძიმიდან იქნება ჯარიმა განსაზღვრული“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გოგა დონდუამ.