„ეკონომიკის სამინისტროს შეუძლია პირდაპირ შტატი დაუშვას ბიზნესთან ურთიერთობის დეპარტამენტის - ბიზნესომბუდსმენის ფუნქციას ვეღარ ვხედავ“, - ასე აფასებს ბიზნესმენი, „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე „ბიზნესპრენსიუსთან“ ბიზნესომბუდსმენის აპარატის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლას.
მისი თქმით, დამოუკიდებელი ინსტიტუციების არსებობის პირობებში, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.
თუმცა, როგორც კახა ხაზარაძე ამბობს, საქართველოს რეალობაში, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
„მიჭირს გითხრათ, [ბიზნესომბუდსმენმა] ბოლო თვეების განმავლობაში რა როლი შეასრულა... ვთვლი, რომ მაინც ფორმალურ როლს ასრულებდა. ზოგადად, დიდი პრობლემა გვაქვს ინსტიტუციებში.
ვფიქრობ, დიდი ცვლილებები არ მოხდება. აქამდეც, ბიზნესომბუდსმენის აპარატის არსებობით რაიმე პოზიტივი რომ ჰქონოდა ბიზნესს, არ მახსენდება.
არადა, დამოუკიდებელი ინსტიტუციების არსებობის პირობებში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. იმიტომ, რომ ბიზნესომბუდსმენი ხიდია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. ის კარგად მუშაობს მაშინ, როდესაც სრულიად დამოუკიდებელია.
ჩვენთან, აქამდე ვერ ვხედავდი მის დამოკიდებულებას, ხოლო თუ ის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის, მაშინ რაღა აზრი აქვს მის არსებობას?! ეკონომიკის სამინისტროს შეუძლია პირდაპირ შტატი დაუშვას ბიზნესთან ურთიერთობის დეპარტამენტის. ბიზნესომბუდსმენის ფუნქციას ვეღარ ვხედავ, როცა ის 100%-ით სახელმწიფო სტრუქტურის ნაწილი ხდება“, - ამბობს კახა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატი, ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.