რითეილ ასოციაციაში  ფაქტორინგის შესახებ ახალ კანონპროექტში გარკვეულ რისკებს ხედავენ.  ასოციაციამ შესაბამისი შენიშვნებით კანონმდებლებს უკვე მიმართა. მათი შეფასებით, მთავარი გამოწვევა ისაა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა თანხის მოვალის დასტურის გარეშე ჩამოჭრის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ასოციაციის განმარტებით,  დოკუმენტაცია, რომელსაც დაეყრდნობა ფაქტორი, ხშირ შემთხვევაში არ არის ზუსტი და საჭიროებს დაკორექტირებას. შესაბამისად, შესაძლოა რითეილერს თავის კონტრაქტორთან ან ფაქტორინგულ კომპანიასთან სასამართლო დავები  მოუწიოს.

„ამჟამადაც ფაქტორინგი მოქმედებს, თუმცა განსხვავებული ინტერპრეტაციით. რადგან მოითხოვს მოვალის, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან თანხმობას, ახლა ხდება ამის დაკორექტირება და იქნება „უაქცეპტო“ ჩამოჭრა.

ჩვენ დაბეჯითებით ვთხოვეთ სახელმწიფოს, რომ ფაქტორს ჰქონდეს ვალდებულება მოახდინოს დავალიანების ოდენობის გადამოწმება მოვალესთან , იგივე რითეილ სექტორთან. რომ რითეილმა შეძლოს გადამოწმება და დადასტურება ეს თანხა ვალიდურია თუ არა. სულ მცირედი აცდენაც რომ იყოს, ეს უკვე პრობლემას შეუქმნის რითეილს, რადგან ხარჯები უნდა გაასწოროს და გამოიწვევს ბევრ ბიუროკრატიულ უთანხმოებას.“-აღნიშნა სოფო კაშაკაშვილმა.

ფაქტორინგის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა უკვე პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტის თანახმად, იმისთვის რომ ფაქტორინგული კომპანია დარეგისტრირდეს, მსურველს ათი ათას ლარიანი მოსაკრებლის გადახდა და საწესდებო კაპიტალის 300 ათას ლარამდე შევსება მოუწევს. ფაქტორინგს ყველაზე აქტიურად სწორედ ვაჭრობაში ჩართული კომპანიები იყენებენ.

წყარო: ბიზნესპარტნიორი