ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში „არაგადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი საქართველოში: საინვესტიციო პაკეტი“ დოკუმენტის თანახმად, არაგადამდები დაავადებები საქართველოში სიკვდილიანობის 93%-ს იწვევს და ქვეყანას ყოველწლიურად უჯდება მინიმუმ 3 მილიარდი ლარი, ეს კი მთლიანი შიდა პროდუქტის 6.16%-ია.

ანგარიშში ასევე წერია, რომ ინვესტირება პრევენციასა და კონტროლში აუცილებელი და ეკონომიკურად მომგებიანია; თითოეულ ჩადებულ 1 ლარზე სარგებელი აღწევს 19.6 ლარს (მარილის შემცირების შემთხვევაში) და 12.2 ლარს (თამბაქოს კონტროლის შემთხვევაში).

დოკუმენტის თანახმად, სრული საინვესტიციო პაკეტის დანერგვამ შესაძლოა 15 წელიწადში 28 000 სიცოცხლე გადაარჩინოს და 3.3 მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებელი შექმნას.


ძირითადად, საუბარია შემდეგ დაავადებებზე: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები და დიაბეტი.

მთავარ რისკ-ფაქტორებად კი დასახელებულია თამბაქო, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლი და ჰაერის დაბინძურება.

jandacva.ge