კომპანიები სავაჭრო ცენტრში მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრობენ. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავენ, სავაჭრო ცენტრებში სივრცის არ არსებობის გამო მათ რიგში დგომა უწევთ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "ბიზნესპარტნიორმა" "გალერია თბილისს" მიმართა, რაზედაც სავაჭრო ცენტრმა განაცხადა, რომ "გალერია თბილისში" გასაქირავებელი ადგილი ამ ეტაპზე არ არის, შესაბამისად, მათ იმ ბრენდების, რომელთაც ობიექტის გახსნის სურვილი აქვთ, სხვადასხვა კრიტერიუმით გაფილტვრა უწევთ.
"კრიტერიუმებს შორის არის ბრენდის ცნობადობა, მომხმარებლის მოთხოვნა კონკრეტულ ბრენდზე, პროდუქტის ნაირსახეობა და ა.შ", - აღნიშნავენ "გალერია თბილისში".
ამასთან, სავაჭრო ცენტრის განცხადებით, "გალერია თბილისის" გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდია და წლევანდელი გაყიდვების მაჩვენებელი დაახლოებით, 10%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
მათივე ინფორმაციით, აქტივობა მაღალია როგორც ადგილობრივი ასევე, ტურისტების მხრიდან.
"გამომდინარე იქიდან, რომ "გალერია თბილისი" მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, მომხმარებელი სარგებლობს ყველა სერვისით იქნება ეს კვება, შოპინგი, გართობა თუ სხვა", - აცხადებენ სავაჭრო ცენტრში.
ცნობისთვის, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი" თავისუფლების მოედანზე 2017 წელს გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია მრავალი ცნობილი ბრენდისა თუ ადგილობრივი, ქართველი დიზაინერების პროდუქცია. აღნიშნულის გარდა, "გალერია თბილისში" მოქცეულია თავისუფალი თეატრი, გრიბოედოვის თეატრი, კინოთეატრი კავეა და ბოულინგის დარბაზი, საბავშვო გასართობი ცენტრი, კაფეები, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები.