მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, რომ წლევანდელი მოსავალი წინა წლებთან შედარებით უკეთესია და მისი მოცულობა დაახლოებით 180 000 ტონას შეადგენს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა.

მისი განმარტებით, ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა კვლავ უკმარობაა. ანუ, საქართველო ვერ აკმაყოფილებს იმ რაოდენობა ხორბალს, რაც ქვეყნის თვითკმარობას უზრუნველყოფს, ამრიგად იმპორტირებული ხორბლის ქვეყანაში შემოტანა კვლავ დღის წესრიგში დგას.

„რუსული ხორბალი ქვეყანაში ახლაც შემოდის და უნდა შემოვიდეს კიდეც. ან რუსული ან ყაზახური ხორბალი. ვინაიდან, ადგილობრივი წარმოება არ არის საკმარისი ქვეყნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, - თქვა მან დასძინა, რომ ხორბლის ამჟამად იმპორტი სტაბილურად გრძელდება, თუმცა ხორბალზე აქტიური მოთხოვნა არ შეინიშნება.

მისი ინფორმაციით, ხორბლის ჩაბარების ფასი ამჟამად 65 თეთრის ფარგლებშია, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაღალია. მაგრამ, ამავე დროს, ეს ფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მიმდინარე წლის აპრილის ფასებს და დაახლოებით 30 თეთრით ნაკლებია.

„მოსავლის აღების პერიოდში ფასები, როგორც წესი, დაბალია ხოლმე, მაგრამ ახლა შედარებით წამოიწია მაღლა და ვნახოთ, რუსეთში მოსავლის დასრულების შემდეგ როგორი იქნება ხორბლის ღირებულება,“ - აცხადებს ბენიაიძე.

მისი განმარტებით, ფასების ვარდნა დიდწილად რუსეთის მიერ ხორბალზე ექსპორტის მოსაკრებლის მოხსნამაც გამოიწვია. ის დასძენს, რომ უახლოეს 10-14 დღეში გაირკვევა, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგება ბაზარი და რა იქნება საბოლოო ფასი, რადგან სწორედ რუსული მოსავალი ადგენს რეგიონში ხორბლის ფასებს.

bm.ge