„ქვეყანაში ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობამ ტვირთების განუსაზღვრელი ვადით ჰაბებში დაყოვნება გამოიწვია, რამაც ტვირთის სატრანზიტო პერიოდი 35-40-დან 65-80 დღემდე გაზარდა“, - ასე ეხმაურება „სქაი ლოჯისთიქსის“ საზღვაო გადაზიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა კაკაბაძე საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია MSC-ზე შეფერხებას, რის გამოც ქართულ კომპანიებს ჯარიმები და დიდი ზარალი ემუქრებათ.

შპს „სქაი ლოჯისთიქსი“ ე.წ. შუამავალი კომპანიაა ქართველ დამკვეთებსა და MSC-ს შორის, რომელიც MSC-ის გემებზე ტვირთების ადგილის დაჯავშნას უზრუნველყოფს.

„კომერსანტი“ უკვე წერდა, რომ ქართული კომპანიები 2 თვეზე მეტია MSC-ის გემებზე ჩინეთიდან მომავალ ტვირთებს ელოდებიან. ამ კომპანიებს შორისაა სადისტრიბუციო კომპანიები, ისინი ვისაც სატენდერო, თუ სხვა სახის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული და ამ შეფერხების გამო სერიოზული ჯარიმები უკვე დაეკისრათ, MSC-ისგან და შუამავალი კომპანიისგან კი ამ დრომდე არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია ტვირთის ადგილსამყოფელისა და ჩამოსვლის დროის შესახებ.

შპს „სქაი ლოჯისთიქსი“ აზერბაიჯანული სატვირთო ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ის პარტნიორია საქართველოში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვებს. ის 2015 წლიდან ოპერირებს და ძირითადად ცნობილია როგორც საჰაერო სატვირთო გადამზიდი კომპანია.

ანა კაკაბაძის თქმით, უკრაინა-რუსეთის ომმა სრულად შეცვალა ლოგისტიკური პროცესები და გადამზიდავმა კომპანიებმა ალტერნატიული მარშრუტების მოძიება დაიწყეს, რომ შეუფერხებლად მოეხდინათ ტვირთების ტრანსპორტირება ევროპიდან შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტში საქართველომ სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია შეითავსა, რამაც ტვირთების ნაკადების მასშტაბური გაზრდა გამოიწვია

„2020 წლიდან აქტიურად დავიწყეთ საზღვაო გადაზიდვები. დღეის მდგომარეობით, ვახორციელებთ როგორც შერეულ, ასევე მთლიანი კონტეინერებით ტვირთების ტრანსპორტირებას საქართველოში, როგორც აზიიდან ასევე მსოფლიოს სხვა მიმართულებიდან. უკრაინა-რუსეთის ომმა სრულად შეცვალა ლოგისტიკური პროცესები და გადამზიდავ კომპანიებს მოუწიათ დაეწყოთ ალტერნატიული მარშრუტების მოძიება, რათა შეუფერხებლად მოეხდინათ ტვირთების ტრანსპორტირება ევროპიდან შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ მარშრუტში საქართველომ სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია შეითავსა, რამაც ტვირთების ნაკადების მასშტაბური გაზრდა გამოიწვია. სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი, რამაც ასევე მძიმე სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაამძიმა და საზღვაო გადამზიდავებს მოუწიათ ტვირთების განუსაზღვრელი ვადით ჰაბებში დაყოვნება, რამაც ავტომატურად გავლენა იქონია სატრანზიტო დროზე და ის 35-40 დღიდან 65-70 დღემდე გაიზარდა. რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, 80 დღემდეც დასჭირდეს ტვირთის ტრანსპორტირებას აზიის ქვეყნებიდან ფოთამდე და ბათუმამდე“, - აცხადებს ანა კაკაბაძე.

მისი თქმით, კომპანია ცდილობს, რომ დამკვეთებს სრული ინფორმაცია მიაწოდოს, მაგრამ როცა საქმე სატენდერო ტვირთებს, ფინანსურ დანაკარგებსა და  საჯარიმო სანქციებს ეხება, დამკვეთებისთვის ამ მიზეზების გაგება რთულია.  ამიტომ, მათ საქმეს გაუმარტივებდა, თუ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით MSC-ი თავის ოფიციალურ საიტებზე განათავსებდა გემების გადაადგილებისა და დაგვიანების შესახებ ინფორმაციას.

„ჩვენ სრულად გვაქვს გათვითცნობიერებული სირთულეები, რომლის წინაშეც არიან საზღვაო ხაზები და რომელიც რასაკვირველია გავლენას ახდენს ჩვენზე, ფორვარდერებზე და ჩვენს დამკვეთებზე. ვცდილობთ, დამკვეთებს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია თუმცა, როდესაც სატენდერო ან სენსიტიური ტვირთია, მათთვის საკმაოდ რთულია მიიღონ და გაიაზრონ ეს მიზეზები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს ფინანსურ დანაკარგებთან ან საჯარიმო სანქციების წარმოშობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ, როგორც ფორვარდერ კომპანიას ძალიან გაგვიმარტივებდა საქმეს, რომ ხაზები თავის ოფიციალურ საიტებზე განათავსებდნენ ინფორმაციას არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რათა კლიენტისთვისაც თვალსაჩინო გახდეს რეალურად რა პრობლემის წინაშე დგანან საზღვაო ხაზები და შესაბამისად ადგილობრივი ლოგისტიკური კომპანიები“, - აცხადებს ანა კაკაბაძე. 

„კომერსანტი“ უკვე ესაუბრა დაზარალებულ კლიენტებს.

კომპანია „ბიოლენდმა“, რომელიც სამედიცინო ხაზით იმპორტსა და დისტრიბუციას ახორციელებს, MSC-ის სერვისით მეორედ ისარგებლა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ისინი ტვირთს მაისის ბოლოს ელოდებოდნენ, მაგრამ ტვირთის ჩამოსვლის თარიღი რამდენჯერმე გადაიდო და დღემდე არ აქვთ ინფორმაცია, როდის იქნება მათი ტვირთი საქართველოში. ხელშეკრულების დარღვევის გამო კი 15 ივნისიდან დიდი ჯარიმის გადახდა უწევთ.

კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე „კომერსანტთან საუბრისას აცხადებს, რომ MSC-ის გემი ჩინეთიდან თებერვლის ბოლოს დაიძრა და ტვირთი აპრილში უკვე ადგილზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ დრომდე გემის ადგილსამყოფლის შესახებაც კი არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია. 

ამ ეტაპზე „სქაი ლოჯისთიქსიც“ და ქართული კომპანიებიც MSC-ის გემის ჩვენს აკვატორიაში და საქართველოში შემოსვლას ელოდებიან.