შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი რუსეთის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებული მკაცრი მოთხოვნებისადმი მტკიცე პოზიციის გამო გააუქმა, - ინფორმაციას Financial Times-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შორის დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ტრამპი და პუტინი უნგრეთის დედაქალაქში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა განეხილათ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დასრულების გზები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს გაუგზავნა მემორანდუმი, რომელშიც ხაზგასმულია კონფლიქტის „ძირეული მიზეზების“ მოგვარების უცვლელი მოთხოვნები, რაც მოიცავს ტერიტორიულ დათმობებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მკვეთრ შემცირებას და გარანტიებს, რომ ის არასდროს შეუერთდება ნატო-ს.
 
                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                