საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია MSC-ზე შეფერხების გამო ქართულ კომპანიებს ჯარიმები და დიდი ზარალი ემუქრებათ. ზოგი მათგანი 2 თვეზე მეტია ჩინეთიდან მომავალ ტვირთებს ელოდება. ამ კომპანიებს შორისაა სადისტრიბუციო კომპანიები, ისინი ვისაც სატენდერო, თუ სხვა სახის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული და ამ შეფერხების გამო სერიოზული ჯარიმები უკვე დაეკისრათ, შუამავალი გადამზიდავი კომპანიისგან კი ამ დრომდე არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია ტვირთის ადგილსამყოფლისა და ჩამოსვლის დროის შესახებ.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ბიოლენდი“, რომელიც სამედიცინო ხაზით იმპორტსა და დისტრიბუციას ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უპირატესობას სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვებს ანიჭებენ, მაგრამ ჩინეთიდან ტვირთის ჩამოსატანად მსხვილ გადამზიდავი კომპანია MSC-ის სერვისით ისარგებლეს. მათი ინფორმაციით გემი ჩინეთის პორტიდან აპრილის დასაწყისში დაიძრა და მაისის ბოლომდე უნდა ჩამოსულიყო. ამის შემდეგ ტვირთის ჩამოსვლის დრო რამდენჯერმე შეიცვალა და დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ როდის იქნება ფოთის პორტში მათი ტვირთი. ხელშეკრულების ვადის დარღვევის გამო „ბიოლენდს“ 15 ივნისიდან ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

„ჩვენი კომპანია სამედიცინო ხაზით იმპორტსა და დისტრიბუციას ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, იმ პროდუქციის მიწოდების ვალდებულება, რომელიც ჩინეთიდან მოდის, 30 მაისს გვქონდა, მერე 15 ივნისამდე გავახანგრძლივეთ. შემდეგ გვითხრეს, რომ ტვირთი 1-ელ ივლისამდე ჩამოვიდოდა, მაგრამ ახლა 12 ივლისამდე გადაიწია. ამასობაში ძალიან სერიოზული პრობლემები გვექმნება, 15 ივნისიდან ჯარიმის გადახდა დაგვეკისრა.

ზოგადად საზღვაო ტვირთებს ვერიდებით ხოლმე და ყოველთვის ხმელეთის და საჰაერო ტრანსპორტირება გვირჩევნია, მაგრამ რადგანაც ტვირთი გაბარიტული იყო, ვარჩიეთ ზღვით წამოსულიყო, მაგრამ კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჩვენი ინფორმაციით გემი სადღაც იტალიის საზღვაო ჰაბშია“, - აცხადებს „კომერსანტთან“ „ბიოლენდის“ წარმომადგენელი.

მისი თქმით, კომპანიას ისღა დარჩენია ჯარიმა გადაიხადოს და 12 ივლისს დაელოდოს. უკიდურეს შემთხვევაში კიდევ ერთი გზა - კომპანიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაა.

„დელეგირებასაც ვერ გააკეთებ სატრანსპორტო კომპანიაზე, მაშინ უნდა უჩივლო. ჯერჯერობით ველოდებით პირველ ივლისს. რაღა მოგება უნდა დარჩეს კომპანიას, თუ ჯარიმები გადავიხადეთ?

ასეთი გადაცდომა არ ყოფილა, დაგვიანებები იყო, მაგრამ მსგავსი არა. ერთხელ ვისარგებლეთ საზღვაო გადაზიდვით და მაშინ 2 თვე დაიგვიანა გემმა. ცუდი გამოცდილება გვაქვს. მაშინაც სატენდერო ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული და კინაღამ შავ სიაში შეგვიყვანეს“, - აცხადებს „ბიოლენდის“ წარმომადგენელი.

კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე „კომერსანტთან საუბრისას აცხადებს, რომ მათი კომპანია გერმანული Silverback Bikes-ის წარმომადგენელია საქართველოში. ამ უკანასკნელს აქვს ქარხნები ჩინეთში და უკვე წლებია რაც ჩინეთიდან ველოსიპედები ჩამოაქვთ. შეკვეთის თანხა თებერვალში გადაიხადეს. გემი ჩინეთიდან თებერვლის ბოლოს დაიძრა და ტვირთი აპრილში უკვე ადგილზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ დრომდე გემის ადგილსამყოფლის შესახებაც კი არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია.

„ჩვენი კომპანია ველოსიპედების მწარმოებელი გერმანული Silverback-ის წარმომადგენელია. მათ ჩინეთში აქვთ ქარხნები და ჩინეთის პორტიდან ხდება პროდუქციის მოწოდება. ყოველ წელს ჩამოგვაქვს ველოსიპედები. შუამავალი კომპანიიდან ვიქირავეთ ადგილი MSC-ის გემზე, თებერვალში გადავრიცხეთ ფული, თებერვლის ბოლოს გამოვიდა გემი პორტიდან. წესით და რიგით, 1 თვე და 10 დღიდან - 1 თვე და 15 დღემდე სჭირდება ტრანსპორტირებას, ამ გათვლით ტვირთი აპრილის 20-სთვის უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ამ დრომდე გემი ჩვენს აკვატორიაში არ შემოსულა. სად არის არ ვიცით. ბოლო მონაცემებით, გემი შესაძლებელია 12 ივლისს შემოვიდეს,“ - აცხადებს დავით ჩხეიძე.

მისი თქმით, დაგვიანების მიზეზი შესაძლოა ჩინეთში გაზრდილი სავაჭრო ბრუნვაა და კომპანია დროულად ვერ ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას და ეს მომსახურების ხარისხზეც აისახება.

„ჯერ ხმელთაშუა ზღვაში იყო გაჭედილი გემი. ძალიან დაძაბულები ვართ, ფაქტობრივად ჰაერში გავისროლეთ ფული, სეზონზე უნდა ჩამოსულიყო ჩვენი ტვირთი, მაგრამ სეზონი თითქმის გავიდა. პროდუქცია ძალიან გვჭირდება“, - აცხადებს დავით ჩხეიძე.

„კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და შუამავალ გადამზიდავ კომპანიასთან ცდილობს დაკავშირებას.