წყალტუბოში მდებარე ქართული სანელებლების ბრენდი „პაპრიკა“ ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობს და ახალ პარტნიორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა თეკლა ჩხეიძემ BM.GE-სთან განაცხადა, კომპანიის მიზანია საექსპორტო ბაზრების ზრდა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
ამ ეტაპზე „პაპრიკა“ საკუთარ პროდუქციას ევროპის ხუთ ქვეყანაში – ესპანეთში, ლიეტუვაში, პორტუგალიაში, გერმანიასა და პოლონეთში ყიდის.
„კომპანიის განვითარების გეგმა ორიენტირებულია პროდუქტის ასორტიმენტის გაფართოებასა და საქმიანობის დივერსიფიკაციაზე, რაც მიზნად ისახავს როგორც არსებული ბაზრების გაძლიერებას, ისე ახალი საექსპორტო მიმართულებების განვითარებას.
ამ ეტაპზე, ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დეტალები და კონკრეტული ინფორმაცია გასაჯაროვდება მოლაპარაკებების დასრულებისა და შესაბამისი კონტრაქტების გაფორმების შემდეგ", – აღნიშნავს თეკლა ჩხეიძე.
მისივე თქმით, საექსპორტო განვითარებას ხელი შეუწყო „პაპრიკას“ მონაწილეობამ IFEMA Madrid-ის საერთაშორისო გამოფენაში.
"გამოფენამ მნიშვნელოვნად გაზარდა ინტერესი ჩვენი პროდუქციის მიმართ როგორც დისტრიბუტორების, ისე პოტენციური პარტნიორების მხრიდან და დაგვიმტკიცა, რომ ქართულ სანელებლებს მაღალი კონკურენტუნარიანობა აქვს საერთაშორისო ბაზარზე", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
გარდა ამისა, „პაპრიკა“ ადგილობრივ წარმოებასა და ასორტიმენტის განვითარებაზეც მუშაობს. კომპანიის საწარმო, რომელიც იმერეთის რეგიონში, წყალტუბოში მდებარეობს, მომხმარებელს ბუნებრივ, ტრადიციულ ქართულ რეცეპტებზე დაფუძნებულ სანელებლებს სთავაზობს. დღეს ბრენდის ასორტიმენტი 40-მდე სხვადასხვა დასახელების სანელებელსა და სანელებლების ნაზავს მოიცავს, მათ შორის ყველაზე გაყიდვად პროდუქტად სვანური მარილი რჩება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ განვითარების სტრატეგია საქმიანობის დივერსიფიკაციასაც მოიცავს : „სუნელების პარალელურად ვგეგმავთ ახალი კატეგორიის – ქართული თხილის ინტეგრირებას პროდუქციის პორტფელში, რაც საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარეობს“, – აცხადებს თეკლა ჩხეიძე.
„პაპრიკა“ ამ ეტაპზე 15 ადამიანს ასაქმებს და წარმოების წარმადობას ბაზრის მიმდინარე მოთხოვნებზე ამყარებს. თეკლა ჩხეიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წარმადობის გაზრდაც. ბრენდი განვითარებას ხარისხზე განაგრძობს, უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებით, რათა ქართული პროდუქცია კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.