რა ეკონომიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველო მიმდინარე მოვლენების გამო - მოსალოდნელი რისკების შესახებ დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები, ბიზნესმენები, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები მსჯელობენ.  მრგვალი მაგიდა თემაზე - პოლიტიკური კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით იმართება.

"სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა - ეს  არის ჩიხი, რომლიდანაც ერთადერთი გამოსავალია და ესაა ახალი არჩევნები. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მოკლე პერიოდში უნდა მიიღოს. ვინმე თუ იტყვის, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ახალი ადმინისტრაცია ამ სანქციებს გააუქმებს, ეს იქნება ნონსენსი.

რეიტინგები რომლითაც ხშირად ვამაყობთ, ერთ დღეში შეიძლება ჩამოიშალოს და ქვეყანა დარჩეს ყოველგვარი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის გარეშე. 

ბოლო 35 წლის მანძილზე ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა"  -  აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი.

ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, კრიზისი შეეხო ყველა სექტორს.

"შემიძლია ვთქვა ფრანგული კომპანიების სახელით, რომ ყველა სექტორში კრიზისია, განსაკუთრებით ეს ეხება ტურიზმის სექტორს და არა მარტო, კრიზისი შეეხო საცალო ვაჭრობის სექტორსაც. ეს უფრო გაღრმავდება. უნდა შეიცვალოს რაღაცა. რა უნდა შეიცვალოს ყველასთვის გასაგებია. ესაა, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ამისთვის სხვა გამოსავალი არაა, გარდა იმისა, რომ იყოს ახალი არჩევნები" - აღნიშნა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის ვიცე- პრეზიდენტმა ალექსანდრე ბოლქვაძემ.

ბიზნესმენები იმ საფრთხეებზეც საუბრობენ, რის წინაშეც შეიძლება საბანკო სექტორი აღმოჩნდეს.

"ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის წამყვან თანამდებობებზე არის. ბევრ მათგანს ან ნათესავს აქვს ორგანიზაციები, ეს სანქციები გავრცელდება შემდეგ ამათზეც და ბანკები აღმოჩნდებიან ძალიან მძიმე პირობებში,  თუ არ შეუჩერებენ ანგარიშებს შეიძლება მეორადი სანქციების ქვეშ ბანკებიც აღმოჩნდნენ." - აცხადებს კომპანი "ბიუ-ბიუს" ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე.

ბიზნეს სექტორში ლარის მოსალოდნელ გაუფასურებასაც არ გამორიცხავენ.

"დღეს თუ დოლარი არის 2.8 ერთ თვეში შეიძლება 4,5,6 გახდეს  და დაემსგავსოს კუპონს. მის გამყარებას ეროვნული ბანკი ვეღარ შეძლებს, იმიტომ რომ ლარი პირდაპირ მიბმულია ეკონომიკაზე. იმან ვინც ბიზნესშია ეს ძალიან კარგად იცის. საზოგადოება, ვინც ბიზნესში არაა და სახელმწიფო სექტორში მუშაობს, უნდა იცოდნენ, რომ ხელფასებს იღებენ იმ გადასახადებიდან, რომელსაც ბიზნესი ვიხდით. აქედან გამომდინარე ჯობია დაფიქრდეს საზოგადოება და დროზე მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც შეიძლება ქვეყანა [კრიზისიდან] გამოიყვანოს." - აღნიშნა ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ.

ნუტრიმაქსის” დირექტორი, ბექა ბექაია კი ამბობს რომ ყველაფერი დაპაუზებულია.

“საღად მოაზროვნე ინვესტორი ასეთ სიტუაციაში საქართველოსკენ ნაბიჯს არ გადმოდგამს” - ამბობს ბექა ბექაია.

აშშ-ის სანქციების მძიმე ეფექტზე მიანიშნებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

"არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც ასანქცირებდეს აშშ და ის მის პარტნიორად ითვლებოდეს. ძალიან მარტივი ფორმულაა და ამ მარტივი ფორმულის წინააღმდეგ თუ არ გადაიდგა ნაბიჯები, უკან დასაბრუნებელი გზა იქნება ძალიან რთული და ჩვენ აღმოვჩნდებით იქ, სადაც ადრე ვიყავით. ურთულესი იქნება თავიდან პარტნიორების მოძებნა და თავიდან აშენება."  - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.