თანამედროვე საზოგადოებაში, ახალგაზრდებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.
სწრაფად ცვალებადი და ინოვაციური მიმართულებებით განვითარებადი ეკონომიკური რეალობა ახალ-ახალ შესაძლებლობას ითხოვს და ერთ-ერთ ასეთად, ფაქტია, თამამად შეიძლება ჩაითვალოს ტექნოლოგიური ბიზნესები, ხოლო მათ შორის ყველაზე დიდ ადგილს პლატფორმული ბიზნესი იკავებს. ამ ტიპის ბიზნესი შიდა სტრუქტურაში ბევრ ახალგაზრდას ასაქმებს, მაგრამ გაცილებით დიდია იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც, პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, მიტანის სერვისს (ე.წ დელივერი) ახორციელებენ და ამით მათთვის მნიშვნელოვან და ზოგჯერ დამატებით შემოსავლებს იღებენ. ბოლო წლებში, მომსახურების ეს სფერო საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა.
დამატებითი შემოსავლების მიღების გამოწვევას დელივერი სერვისმა ბუნებრივად უპასუხა და სადღეისოდ, მიტანის სერვისში ჩართული ათასობით ახალგაზრდისთვის შექმნილია ახალი გარემო, სადაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა, შედარებით მარტივად მიიღონ საკმაოდ სოლიდური შემოსავალი.
საკვებზე, სურსათსა და სხვადასხვა სახის პროდუქციაზე ონლაინ-შეკვეთების ზრდამ და ზოგადად, ონლაინ ვაჭრობის კულტურის დახვეწამ, მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა კურიერებზე. ბაზარი მუდმივად მზარდია, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ სერვისზე მოთხოვნის სტაბილურობას.
მიტანის სერვისის სეგმენტი, პირველ რიგში, მიმზიდველი სწორედ ახალგაზრდებისთვისაა, რამდენადაც საკურიერო სერვისის მიწოდება სპეციალიზებულ განათლებას, განსაკუთრებულ ცოდნასა თუ უნარ-ჩვევებს და ხანგრძლივ გამოცდილებას არ მოითხოვს. საკმარისია სურვილი, გადაწყვეტილება, მარტივად, მოქნილად და სწრაფად გადაადგილების საშუალების შერჩევა და მოპოვება/შესყიდვა/დაქირავება და ამ სერვისის გაწევისთვის აუცილებელი ელემენტარული ადამიანური ურთიერთობების წესებისა და ეტიკეტის დაცვის უზრუნველყოფა.
დელივერი სერვისის უმნიშვნელოვანესი პლუსია გრაფიკის მოქნილობა – სტუდენტებს და ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მუშაობა სწავლას ან სხვა საქმიანობას შეუთავსონ.
ბენეფიტია ასევე სწრაფი ანაზღაურების სისტემა – ხშირ შემთხვევაში, შემოსავალი ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად გაიცემა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ახალგაზრდა ფინანსური დამოუკიდებლობის გზების ძიებაშია.
გარდა ამისა, საკურიერო საქმიანობით შემოსავლის მიღების პროცესში, კონტრაქტის გამო, ახალგაზრდები სწავლობენ პასუხისმგებლობას, დროის მართვას და კლიენტთან კომუნიკაციის უნარებს. ამავდროულად, კურიერები ყოველდღიურად მუშაობენ მობილურ აპლიკაციებთან, ნავიგაციასთან და სხვა ტექნოლოგიურ სისტემებთან, რაც მათ ციფრულ უნარებს აძლიერებს.
დელივერი ბიზნესის დადებით ასპექტებზე საუბრისას ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ გარდა დასაქმების ინდივიდუალური შესაძლებლობისა, ამ სეგმენტის განვითარება კეთილმყოფელ გავლენას ახდენს მთლიანად ეკონომიკურ და საზოგადო სურათზე, რამდენადაც ყალიბდება, იხვეწება და ვითარდება მოქნილი ბაზარი – ახალგაზრდები არ რჩებიან შემოსავლის გარეშე და სწრაფად ერთვებიან ეკონომიკურ პროცესებში. ნელდება სოციალური დაძაბულობის კონტექსტი, რადგან როცა ახალგაზრდას აქვს საქმე და საკუთარი შემოსავალი, ბუნებრივად მცირდება სოციალური უკმაყოფილების რისკი. კიდევ უფრო ჩქარდება ქალაქური ცხოვრების რიტმი – მომხმარებელი უფრო მეტად ეჩვევა სწრაფ მომსახურებას, რაც ახალ ეკონომიკურ სტანდარტებს ქმნის.
ეს ყოველივე კი, მთლიანობაში, ამბობს იმას, რომ დელივერი ბიზნესი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ფინანსური დამოუკიდებლობის მარტივად მიღწევის შესაძლებლობას საკუთარი დროის მოქნილად მართვის ფონზე.
დელივერი ბიზნესი ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ადრეულ ასაკშივე გახდნენ ეკონომიკურად აქტიური სუბიექტები. ამასთან, საზოგადოება მთლიანობაში იღებს სარგებელს – მცირდება უმუშევრობა, იზრდება ციფრული ეკონომიკის კულტურა და ყალიბდება ცხოვრების ახალი სტილი, რომელიც დინამიკას და მოქნილობას ეფუძნება.