პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან როგორც სპეციალურ რეალიზაციის პუნქტებში, ისე ონლაინ, formebi.emis.ge პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული პლატფორმით მშობლებს ან მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლებს ფორმის დისტანციურად შეკვეთა და მითითებულ მისამართზე მიღება შეეძლებათ. შეკვეთების მომხმარებლამდე მიტანას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.
პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია სასკოლო ფორმების მოდელების, ფასებისა და ზომების შესახებ. ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ბანკების შეთავაზებებსა და ფორმების გაყიდვის პუნქტების მისამართებს.
ონლაინ პლატფორმის ტექნიკურ გამართულობასა და ადმინისტრირებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფს.
როგორც განათლების მინისტრმა, გელა მიქანაძემ განაცხადა, ბანკების მიერ შეთავაზებული ქეშბექის პროგრამების გამოყენებით მშობლებს ფორმების უფრო დაბალ ფასად შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.
„საცალო ვაჭრობისას კონკრეტულმა ბანკებმა წარადგინეს ქეშბექ პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა აქვს და, რა თქმა უნდა, მომხმარებელმა თვითონ უნდა აირჩიოს, თუ როგორ შეიძენს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ბანკებთან მოლაპარაკებების შედეგად დაწესებული შეღავათები მომხმარებლებს დამატებით სარგებელს მისცემს, რადგან ფორმების შეძენა მათთვის დადგენილ ტარიფზე ნაკლებ ფასად იქნება შესაძლებელი.
მიქანაძის ინფორმაციით, მშობლებს, რომლებიც პირველკლასელის ფორმის შეძენას 14 სექტემბრამდე ვერ შეძლებენ, ასევე მათ, ვისაც დამატებითი ფორმის შეძენა სურთ, 15 სექტემბრიდან მისი ყიდვა მხოლოდ ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეეძლებათ.